1 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“არ თქვათ, რომ რატიმ იწვალა, რატიმ კი არ იწვალა, რატიმ გვასწავლა, რატიმ გვაცადა, მოგვეფერა და მერე წავიდა. რატიმ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე სიცოცხლეში შეიძლება ამის მოხერხება”- გარდაცვლილი რატო სამყურაშვილის მეუღლის უმძიმესი წერილი

გარდაცვლილი რატი სამყურაშვილის მეუღლე, ეკა ტოგონიძე სოციალურ ქსელში უმძიმეს წერილს აქვეყნებს:

"უშენობის მესამე დილა. დღეს ფიზიკური განშორების მორიგი ეტაპი დგება, სიონში გადასვენება და ღამე უშენო სახლი. 

ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას ჯობს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი, თუმცა ეს არ არის სწორი არჩევანი. დამეთანხმა. თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო, რომელიც იქით ზრუნავს და ამშვიდებს დედას. წმენდს ცრემლებს და ეუბნება: ღმრად ისუნთქე, ისუნთქე! ჰო, აი, ასე, დამშვიდდი, მაკის არ უნდა, რომ ასეთი იყო („მაკი“ „მაკინოს“ ანუ თუთას მიერ პირველად წარმოთქმული „მამიკოს“ შემოკლებითი სახელი და ყველაზე ტკბილი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში. მაკისნაირი - რატისნაირი მამა არავის ყოლია და ახლა აღარც თუთას ყავს)...

 

ეს ფოტო მაშინ გადაგიღე, როცა პირველად გაბანავე. ეტლი უკვე მქონდა და საშხაპე დავშალეთ, კარი ჩამოვიღეთ, რომ სივრცე გვქონოდა. ცოტას ვნერვიულობდი, რამე არასწორად არ გამეკეთებინა. პატარა დისკომფორტიც არ გეგრძნო, შამპუნი არ ჩაგსვლოდა თვალში ან გამოსვლისას არ შეგციებოდა. მინდოდა, რომ ყველაფერი მეკეთებინა საუკეთესოდ, რადგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ შენ. მაშინ უკვე აღარ ლაპარაკობდი და მე ჯერ არ მქონდა ნასწავლი ამ სიჩუმეში შენი გაგება. მერე ეგეც მოხდა. ჩვენი კონტაქტი 100% აღდგა და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე სიტყვებით და წინადადებებით.

საოცარია! ყველაფერი შეიზღუდა და ურთიერთობა გაღრმავდა. შენი ერთი საღი თვალი და ხმა, უბრალოდ ყელიდან ამოშვებული ხმა ინტონაციით და ტონალობით ყველაფერს უკლებლივ მაგებინებდა. მაგებინებდა ოდნავ მოძრავი მარცხენა ხელიც და მთელი უძრავი სხეულიც. არასდროს ამდენი სითბო და სიყვარული არ მინახავს არსად, რამდენიც შენს ერთ თვალში, ამ მართლა სულის სარკმელში, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად იფრქვეოდა ემოცია და სათქმელი. საერთოდ ამ თვეებში მივხვდი ერთ რამეს, რომ შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი. აზრზე არა ვარ, როგორ მოახერხე თავის შენარჩუნება და შენად დარჩენა. წარმოუდგენელია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილხარ და მთელი შენი ხასიათის, შინაგანი სამყაროს ენერგია მოდიოდა ამ გაჩერებული კადრიდან. დაუჯერებელია, რომ ასე უმოძრაოდ, უსიტყვოდ და ცალ-თვალაკრული იყავი ასეთი სავსე, საინტერესო, მადლიერი, ღირსეული და მუდმივ ურთიერთობაში ჩართული, უწყვეტ კავშირზე მყოფი, მოსიყვარული და ისევ და ისევ აქეთ ჩემი მფარველი! მე ზუსტად ვიცი, რატომ იცოცხლე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობდნენ. ეს ჩვენთვის გააკეთე, ხათრით და სიყვარულით, როგორც ყოველთვის ყველაფერი. 

 

ძალიან მაწუხებს ის, რომ მშვიდი გამომშვიდობების და მადლობის ნაცვლად, თავზე დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი, არადა ღალატი შენ საერთოდ არ იცი რა არის! (თურმე ასეთი კაცებიც არსებობენ)! დედაჩემის არაადამიანური ხმაც ჩამესმოდა სასწრაფოში რომ რეკავდა და სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს გიჟივით ვაკოწიწებდი, ვენაცვლებოდი ექთანს გულის მასაჟზე, ხელით, ძალით, ხელოვნურად გიმუშავებდი დაღლილ გულს და მერე როცა ექთანი აგრძელებდა ამის კეთებას, ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი, რომელიც არ ვიცი, როგორ კეთდება, მაგრამ ვიცი, რომ იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი. 

 

გული გაიჩერა - ეს ფრაზა ექიმებისგან და ექთნებისგან ადრე რამდენჯერმე გავიგე და ძალიან ყურში მომხვდა, გამიკვირდა, რადგან არც ერთ სხვა ორგანოზე ასე არ ამბობდნენ. გაუჩერდა, ყველა სხვა ორგანო გაუჩერდა, მაგრამ გული თურმე გაიჩერა. ასეა დამკვიდრებული ეს ტერმინი და არის ამ სიტყვაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს პატივი სცე ადამიანის გადაწყვეტილებას.

 

სასოწარკვეთის დრო არაა, ეს არ გითხოვია შენ ჩემთვის. შენ ერთადერთი რამე მთხოვე, სიყვარული, რომელიც მეგონა, ისედაც საკმარისი გვქონდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ... თურმე ის, რაც ადრე გვქონდა, იყო შესავალი. თურმე დადგებოდა დრო და მე ყოველ დღე ვიქნებოდი ბედნიერი შენი სუნთქვის გაგონებით და მნიშვნელობა აღარ ექნებოდა სხვას აღარაფერს. ადამიანებს გაუკვირდებოდათ, როგორ ვუძლებ, რატომ არ ვიღლები, რატომ შიშისგან არ ვკვდები, როცა დღე არ გადის კრიტიკული ეპიზოდის გარეშე, რეანიმატოლოგი მეტყოდა, მიუშვით ექთნები, ასე თქვენ გახდებით სამკურნალო... აქვე ვიტყვი რომ შენ თავს გევლებოდნენ ძალიან კარგი ადამიანები, ექიმები, ექთნები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ სიყვარულით. აღარაფერს ვამბობ ჩვენი გმირებისგან შემდგარ ოჯახზე და მეგობრებზე Tamar Samkurashvili Kira Samkurashvili Manana  Totibadze Salome Chichinadze Revaz Samkurashvili  ეს სალაპარაკოც არ არის.

 

ყველა, ვინც მსგავს რჩევებს მაძლევდა, უბრალოდ ვერ ხვდებოდა სიყვარულის რა ენერგიაზე გყავდი მიერთებული. ბოლო 4 თვე ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება და მე მადლიერი ვარ ყოველი წუთის. მადლიერი ვარ, რომ შენ წამში კი არ გატრიალდი და გაქრი, სიტყვა კი არ შემატოვე პირში და წახვედი, არამედ ბოლომდე მომისმინე, ყველაფერი მათქმევინე და ყველაფერი გააკეთე, რომ ნელ-ნელა გესწავლებინა ჩემთვის ცხოვრება შენი სიტყვების, ჩახუტების და შენზე მოყრდნობის გარეშე. ყოველდღიურად გიმზადებდი აუდიოჩანაწერს და რამდენიმე ათეული ჩანაწერით, როგორც იქნა გითხარი ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა, როგორც იქნა აგიხსენი ჩვენი ბოლომდე ამოუხსნელი სიყვარული. შენც ბოლომდე დამინდე, ბობო. განა არ ვიცი... ჩემს თვალწინ გადაიქეცი ანგელოზად და მე მაინც გამიკვირდა, რომ გამიფრინდი. მაინც ვერ შევძელი არ ჩამოგკიდებოდი ტანსაცმელივით ჩამოხსნილ სხეულზე და არ გამეფუჭებინა უსასრულობაში გადასვლის უნიკალური წამი. ბოდიში, რომ ასე ეგოისტურად არ მინდოდა შენი გაშვება, ისტერიკის უფლება ამ ერთხელ მივეცი თავს, მაპატიე ყველა ცრემლი, რომლის ნაცვლადაც მხოლოდ მილიონი მადლობა გეკუთვნის, მილიონი ღიმილი, მოფერება და უწყვეტი სიყვარული, რომელიც ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა აქაც და მანდაც. შენ მე მაჩვენე ადამიანის ღირსების სრულყოფილი ვერსია, როგორ შეიძლება დარჩე შენად, მაშინაც კი როცა საკუთარი ფიზიკური სხეულიც აღარ გემორჩილება, არ გატყდე და ბოლომდე იყო ის, ვინც მოწიწებას და მუდმივ გაოცებას იწვევს. 

არ თქვათ, რომ რატიმ იწვალა, რატიმ კი არ იწვალა, რატიმ გვასწავლა, რატიმ გვაცადა, მოგვეფერა და მერე წავიდა. რატიმ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე სიცოცხლეში შეიძლება ამის მოხერხება.

დიაგნოზიდან რატიმ იცოცხლა 22 თვე, ეს რატის საყვარელი რიცხვია, თუთას დაბადების დღის თარიღი. ეს სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

 

ჩემო უკვდავო, ჩემო სიყვარულო, მაპატიე თუკი ოდესმე რამე გაწყენინე და მე გაპატიებ იმ ერთადერთ ღამეს, როცა 6 აპრილი თენდებოდა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები