„დღეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მადლობას ვუხდი თითოეულ მებრძოლს, ყველა ჩვენს ქვედანაყოფსა და სამსახურს, რომლებიც რუსული დარტყმების საპასუხო მოქმედებებში მონაწილეობდნენ - კონკრეტულად კი იმ პასუხში, რომლის სამიზნეც ოკუპანტების მიერ რუსეთის ტერიტორიიდან ყირიმისკენ აშენებული ხიდი გახდა.
ჩვენ დიდი ხანია ვეუბნებით რუსეთს: შეწყვიტეთ დარტყმები ხიდებზე, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რკინიგზაზე, მარცვლეულით დატვირთულ გემებზე. საკმარისია ეს ომი. მაგრამ რუსეთი ყოველ ჯერზე შემდგომ ესკალაციას ირჩევს. სწორედ ამიტომ, უკრაინულმა რაკეტებმა და დრონებმა სამხრეთში რუსეთის საკვანძო სამხედრო არტერიას კიდევ ერთხელ დაარტყეს.
ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის მთელი თავდაცვის ძალებისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მუშაობის შედეგია. მსურს, განსაკუთრებით გამოვყო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმი „ალფა“ და იარაღის ყველა უკრაინელი მწარმოებელი, რომლებიც უკრაინას ამ შესაძლებლობებს აძლევენ. „დოვბუში“, „ვენდეტა“, „და ვინჩი“, „სიჩენი“, „მიჩ-2000“, „რუტა“, „პალიანიცა“, „ან-197“ - დრონ „ლიუტის“ რეაქტიული ვერსია - ასევე FP-1, FP-5 „ფლამინგო“ და ჩვენი „ნეპტუნის“ რაკეტები. ეს ყველაფერი უკრაინული იარაღია, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ, მივაწოდეთ ჩვენს ჯარებს და მათ ჩვენი მებრძოლები იყენებენ. ჩვენი ოპერაციები კიდევ იქნება - წინ კიდევ ბევრი ოპერაცია გველის - ოპერაცია, რომელიც რუსულ აგრესიას უპასუხებს" - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის საღამოს ვიდეომიმართვაში.