დამუხტვად ჰიბრიდებსა და სრულად ელექტრულ ავტომობილებს შეუძლიათ, უფრო ფერადი, ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო შექმნან - ასეთია „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და არტისტ ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) კოლაბორაციის მთავარი სათქმელი.
ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ფარგლებში, კომპანიამ, ხელოვანთან ერთად, გუდაურის სათხილამურო კურორტზე, „ხადას ქოხი ხიჟინას” ტერიტორიაზე, Volvo-ს ბრენდირებულ კონტეინერზე უნიკალური არტინსტალაცია შექმნა. ნამუშევარი, რომელიც „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და Nikakoi-ს წინა კოლაბორაციის გაგრძელებაა, არტისტის ხედვით მომდევნო 5 წლის თბილისს ასახავს - სრულად ელექტრული და მდგრადი ქალაქის სახით.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Volvo-ს კონტეინერზე განთავსებული ინსტალაცია ასახავს არტისტის ხედვას მომავლის თბილისის შესახებ. ფერადი, დინამიკური ვიზუალი სიმბოლურად გამოხატავს მოძრაობას - გარდამავალ პერიოდს ჰიბრიდული ტექნოლოგიებიდან სრულად ელექტრული მომავლისკენ. არტინსტალაცია ბუნებრივ გარემოში, მთებსა და თოვლს შორის, Volvo-ს ავტომობილთან ერთად, ხაზს უსვამს ბრენდის ძირითად ღირებულებებს: ტექნოლოგია, ხელოვნება და პასუხისმგებლობა.
ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ბრენდის გლობალურ სტრატეგიას ასახავს, არამედ გვინდოდა, ელექტრული ტრანსპორტის მომავალზე ადგილობრივ აუდიტორიასთან შემოქმედებითი ფორმით გვესაუბრა. ამ გზით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მდგრადი არჩევანის პოპულარიზაციას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ელექტრომობილების ფლობის ღირებულება გაცილებით დაბალია და გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს“.

„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და ნიკა მაჩაიძის კოლაბორაცია ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო - მაშინ Nikakoi-მ კომპანიისთვის ვიზუალური და მუსიკალური ნამუშევრები შექმნა, რომლებიც 2025 წლის თბილისს წარმოადგენდნენ, როგორც მდგრად, ენერგიულ და პროგრესულ ქალაქს. წელს კი კომპანიამ ამ ხედვის გაგრძელება გადაწყვიტა და არტისტს სთხოვა, წარმოედგინა თბილისი ახლა უკვე უკვე მომდევნო 5 წლის შემდეგ.
ნიკა მაჩაიძე, არტისტი: „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ კოლაბორაციით შექმნილი ნამუშევარი ბავშვობის მოგონებებზეა დაფუძნებული. გუდაურში Volvo-ს კონტეინერზე დატანილი ეს ნახატი სწორედ ჩემი ბავშვობიდან მოდის - დედაჩემი გეოლოგი იყო და პატარაობაში სულ ვუყურებდი, როგორ ხატავდნენ ქანების ჭრილებს, პროფილურ რუკებს... ყველაფერს თავისი ფერი აქვს. ეს ჩარჩენილი იყო ჩემს მეხსიერებაში და სულ მინდოდა, ინტერპრეტაცია გამეკეთებინა. ახლა კი ეს ყველაფერი გავაერთიანე და შევქმენი ლანდშაფტი, როგორც ზემოდან დანახული მიწის მონაკვეთი, ჯადოსნური რუკა. ვფიქრობ, ნამუშევარი პირდაპირ ეხმიანება კომპანიის მთავარ სათქმელს, რომ ელექტრომობილების გამოყენება უფრო ეკოლოგიურია და მხარს უჭერს მწვანე მომავალს. ამ კონკრეტულ ნამუშევარში ჩემი სათქმელიც სწორედ ეს არის, რომელსაც სხვა გაგრძელებებიც აქვს“.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ მიზანი უცვლელია - საზოგადოებამდე მაქსიმალურად ახლოს მიიტანოს ის უპირატესობები, რომლებიც ელექტრომობილებს გამოარჩევს და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას ამცირებს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლას. ეს კოლაბორაცია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტექნოლოგიასა და ხელოვნებას ერთობლივად შეუძლიათ ხელი შეუწყონ უფრო მწვანე მომავლის შექმნას. ამიტომ „ვოლვო ქარ საქართველო“ და ნიკა მაჩაიძე მსგავსი თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ, რათა საქართველოში ელექტრული ავტომობილებისა და მდგრადობის მიმართ ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდეს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.