1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხელვაჩაურში "ლელო საქართველოსთვის" რიგით 25-ე რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა

"ლელო საქართველოსთვის" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რიგით 25-ე ოფისი გახსნა. გახსნას, აჭარის ორგანიზაციის წევრებთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ესწრებოდა. "ლელოს" რაიონულ ორგანიზაციას მერაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს.

„ცვლილებების დიდ მოლოდინშია საზოგადოება. მას სურს, საქართველომ შეცვალოს გაჩერებული ტემპი და ახალი, უკეთესი რეალობა დადოს „ ლელოსთან“ ერთად. ჩვენ სწორედ ამ პროცესში ვართ ახლა. დღევანდელ დღეს ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იმის დადასტურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას ცვლილებები და გაერთიანება სჭირდება. “ლელო” არის ის პლატფორმა, სადაც ვეპატიჟებით ყველას, რათა 30 წლიანი ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ და დაიწყოს სერიოზული რეფორმები. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას აქვს ღარიბი ეკონომიკა, „ლელოს“ კი აქვს კონკრეტული გეგმა, უახლოეს 5 წელში როგორ გაორმაგდეს ეკონომიკა. "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. მისი მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ქვეყნიდან გავიდნენ. ჩვენ აქ შევქმნით რეალობას, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყანაში სიღატაკე დავძლიოთ. მე ამას მალაპარაკებს ის გამოცდილება, რომელიც კერძო სექტორში მაქვს და სახელმწიფო სექტორში ამ ნაბიჯს ასჯერ მეტი სიძლიერით გადავდგამთ," - მამუკა ხაზარაძე.

"ლელო" არის ადამიანების წარმატების გაერთიანება და ჩვენ გვაერთიანებს ერთი იდეა, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ იმ წუმპედან, სადაც სხვადასხვა მმართველმა ჩააგდო. ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა დაარსდა იმისთვის, რომ ყველას მოვუსმინოთ და ერთხელ და სამუდამოდ 30-წლიანი ჩიხიდან გამოვიდეთ. მივმართავ მეგობრებს, რომლებთან ერთად 2007 წლის 7 ნოემბერი გამოგვივლია. გეტყვით, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ ბრძოლის წინა ხაზზე და ახალგაზრდებს დავუდგეთ, რადგან ეს ქვეყანა მათია", - განაცხადა მერაბ აბაშიძემ.

„ლელოს“ უერთდებიან პატრიოტი ადამიანები, რომ ერთად დიდ გუნდად, ახალ ძალად შევიკრათ. იმ ძალად, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. გასული წლების განმავლობაში ჩვენ გვყავდა ხელისუფლებები, რომლებიც გვპირდებოდნენ და არ ასრულებდნენ დაპირებას, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს ძარცვა, თითოეული ჩვენგანის ჯიბეში ჩაყოფილი ხელი ჩვენი ხელისუფლებების მხრიდან. ეს უნდა დამთავრდეს და ავაშენოთ ძლიერი, დამოუკიდებელი და მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ყველა ჩვენგანს გვეკუთვნის.“ - თაზო დათუნაშვილი.

„დღეს ჩვენ შევდივართ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში, სადაც უნდა ვაჩვენოთ ჩვენი მთავარი ღირებულებები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. ის ნდობა რომელსაც თქვენ ჩვენ გვიცხადებთ, არის ვალდებულება, ეს ნდობა არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიაროთ სწორი გზით. „ლელო“ არის ახალი ძალა, რომელსაც შეუძლია და ვალდებულიცაა, აჭარაში დადოს გამარჯვების ლელო. მე მჯერა იმ ახალგაზრდების, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ძალაში არ ყოფილან და დღეს ჩვენს გვერდით არიან. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, არჩევანი იმისა, ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში ბოლომდე და ვიცავთ მას, თუ მივდივართ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ბილეთებით ქვეყნიდან,“ - ირაკლი კუპრაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები