0 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი კაპანაძე: "ზურაბ ადეიშვილია, რომელიც სამშობლოდან იძულებით წასვლის შემდეგ, დღემდე კონსულტაციებს უწევს და ეხმარება დემოკრატიისკენ მიმავალ სახელმწიფოებს"

"ქრთამი იყო საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად, მატარებლის ბილეთის შესაძენად, დასაცემინებლად და ამოსასუნთქად, რადგან სახელმწიფოს ნაცვლად გვქონდა ჟანგიანი ყუთი" - ამის შესახებ „ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს

"თუ არ დაგეზარებათ, ამ პოსტს ერთ წუთსა და 39 წამში წაიკითხავთ, თუ დაგეზარებათ, ხელიდან გაუშვებთ შანსს გაიგოთ ძალიან საინტერესო ადამიანის შესახებ და მოვლენებზე, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა.

🇬🇪 ადრე, ორიათასიანებში, უძრავი ქონების გაყიდვა დავაპირე და სამი დღის სირბილის შემდეგ, ყვითელი ქაღალდების გროვით ხელში აღმოვაჩინე რომ გასაყიდად საჭირო საბუთების შესაგროვებლად კიდევ ერთი კვირა მჭირდებოდა - დიდუბე-აღმაშენებელი-ჩუღურეთის რეისზე...

მერე ვიღაც მაკლერი მიმასწავლეს, რომელმაც 200 დოლარი მომთხოვა და ერთი კვირის საქმის 2 დღეში მოგვარებას შემპირდა. 

მეორე დღესვე მომიტანა დიდბეჭდიანი ქაღალდების შეკვრა რუსული წარწერებით და თუ კიდევ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოსო - მითხრა.
ზუსტად ასეთი გზა უნდა გაგევლო

მაშინაც, თუ ბინის ან სხვა უძრავი ქონების ყიდვას გადაწყვეტდი.

მანამდე, 1999 წელს, იმ ბნელი და უკუნი საქართველოდან პირველად გავდიოდი (ღმერთმა დალოცოს ამერიკის ელჩის მაშინდელი მოადგილე), თუმცა, პასპორტს არ მიკეთებდნენ - ყდა არ გვაქვსო. 

ხოლო როცა 150 დოლარი მომთხოვეს, ყდაც აღმოაჩნდათ და ოპერატიულობაც. 
მოკლედ, ქრთამის, დროის ფლანგვის, ნერვების დაწყვეტისა და აქეთ-იქით წანწალის გარეშე შეუძლებელი იყო ერთი ფარატინა ქაღალდის ნაგლეჯის აღება ნაცრისფერი და "ასტრის" ნამწვავებით სავსე სახელმწიფო შენობებიდან, სადაც როგორც წესი, ცხვირის წვერამდე ჩამოწეული სათვალიანი ბიუროკრატი გხვდებოდა - მაგიდის ზედა უჯრა რომ ჰქონდა გამოღებული - "ვზიატკის" ჩასაგდებად.

ქრთამი იყო საჭირო მართვის მოწმობის ასაღებად, მატარებლის ბილეთის შესაძენად, დასაცემინებლად და ამოსასუნთქად, რადგან სახელმწიფოს ნაცვლად გვქონდა ჟანგიანი ყუთი, სადაც ყველანი ბოლო თეთრებს ვყრიდით ერთეულებისათვის. 

ასეთი იყო საქართველო მაშინ, როდესაც ჟურნალისტიკას გაზეთ რეზონანსიდან ვიწყებდი და ვერავინ იოცნებებდა საჯარო ინფორმაციის ოფიცალურად მოპოვებაზეც კი, ვიდრე არ დაიწერა ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის იდეას, როგორც შეეძლოთ ისე ებრძოდნენ და მტრობდნენ ვაჟა ლორთქიფანიძეები. 

ახლა რომ ვფიქრობ, ეს უბრალო კანონი იყო, საჯარო ე.ი არასაიდუმლო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესახებ, თუმცა, იმდრონდელ სიბნელეში დემოკრატიის პატარა კუნძულად და გვირაბის ბოლოს დანახულ სინათლედ იქცა - განსაკუთრებით მედიისთვის. 

ეს ის დროა, როცა ბათუმში მივლინებით წასული (სადაც სანაოსნოში არსებული კორუფციის შესახებ სტატიას ვამზადებდი),ასლანას სპეცრაზმმა დამიჭირა და ჩოლოქზე ჩამომსვა - "შენ საქართველოში წადიო". 

თუმცა, მერე გავიდა დრო, დაიწყო ცვლილებები და გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა აჭარის მშვიდობიან რევოლუციაში; 

შექმნა და ააშენა იუსტიციის სახლები, ბრიტანულმა ბიბისიმ რომ ფილმი გადაიღო და ამერიკის სახელმწიფო მდივანი რომ აღაფრთოვანა. 

დაამარცხა კორუფცია; 

დაამარცხა კრიმინალი;

გუნდთან ერთად განახორციელა იუსტიციის, ნოტარიუსთა პალატის, პენიტენციალური სისტემის, საგადასახადო და სამართალდამცავი უწყებების რეფორმა. 
დანერგა განრიდების პროგრამა...

შანსი მისცა და პერსპექტივა გაუჩინა სტუდენტებს, ახალგაზრდებს;
უარი თქვა ნეპოტიზმზე... 

სხვა ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი

საქმეები გააკეთა ჩვენი პატარა და მშვენიერი ქვეყნისთვის..

მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეთ, რადგან მას ამის შესახებ საჯაროდ არასოდეს უსაუბრია, თუმცა, გეტყვით: ეს ადამიანი ზურაბ ადეიშვილია, რომელიც სამშობლოდან იძულებით წასვლის შემდეგ, დღემდე კონსულტაციებს უწევს და ეხმარება დემოკრატიისკენ მიმავალ სახელმწიფოებს მსოფლიოს რამდენიმე კონტინენტზე. 

P.S: ეს ამბები კი ერთერთი ოპოზიციონერის - "სისხლიანი ცხრა წლის" დროინდელი მინისტრის მოადგილისა და წინა ხელისუფლების ჭეშმარიტი ნაწილის განცხადებებზე გამახსენდა.

როგორც ერთმა ცნობილმა ამერიკელმა თქვა: „საკუთარ თავთან გასამკლავებლად გამოიყენეთ გონება, ხოლო იმისათვის, რომ სხვებს გაუმკლავდეთ, მიმართეთ თქვენს გულს“..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები