0 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ლელოს“ გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა

"ლელოს" გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ ძლიერდება, რადგან გუნდს ქვეყნაში  ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი თამაზ გაიაშვილი უერთდება. ხაზარაძის თქმით, გაიაშვილის გადაწყვეტილება ბიზნესმენისთვის მარტივი  არ ყოფილა, თუმცა ისინი ქვეყნის მომავლისთვის ერთიანდებიან.  „ლელოს“ თავმჯდომარემ  მას პარტიაში გაწევრიანებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ დღეს ჩვენ შემოგვიერთდა  საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექოლოგიური საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ. მან გაიარა ის სიმძიმეები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მისი გადაწყვეტილება, რომ შემოუერთდა „ლელოს“, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. თამაზ გაიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს 120 ფრენა განახორციელა აფხაზეთის მიმართულებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოიყვანა დევნილები და თანამოქალაქეები აფხაზეთიდან,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თამაზ გაიაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებასა და პოლიტიკაში ჩართვაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკაში მისი წასვლა მძიმე იყო, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო გახდა.

„საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ.   დღეს დადგა  ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ „ლელოში“. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი და მეტი გზა არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩემი მთავარი მესიჯია, შემოუერთდით „ლელოს“ და ერთად ავაშენოთ ბედნიერი საქართველო,“- აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.  

„ლელოს“ ახალი გუნდის წევრის შემოერთებას პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება და იმ საერთო ღირებულებებზე საუბრობს, რომელიც პარტიასა და თამაზ გაიაშვილს აკავშირებს.  

„ბატონი თამაზის გადაწყვეტილება არის  იმის მანიშნებელი, რომ ვახერხებთ ჩვენი ძალისხმევისა და იდეების გაერთიანებას, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. თამაზ გაიაშვილი  არის დიდი დამსაქმებელი და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა დასაქმება და უმუშევრობაა. მასთან ერთად ვიფიქრებთ, როგორ გამოვიყვანოთ სხვადასხვა დარგები კრიზისიდან, რომელთა განვითარებაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი - ლევან სამუშია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები