0 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაყიდვების 45%-იანი ზრდა და საერთაშორისო ჯილდოები - „ვოლვო ქარ კავკასიის“ 2023 წლის წარმატება

გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, სრულიად ახალი კონცეფციის შოურუმი, საერთაშორისოჯილდოები და მასშტაბური გეგმები 2024 წლისთვის - „ვოლვო ქარ კავკასიისთვის“ 2023 წელი იმაზე პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე კომპანია წლის დასაწყისში პროგნოზირებდა. 45%-ით გაზრდილი გაყიდვები - ეს წარმატებული წლის მხოლოდ ერთი კომპონენტია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ ბიზნესერთეულში „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია კავკასიასა და შუა აზიაში. „ვოლვო ქარ კავკასია“ პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გასული წლის ბოლოს ამ ოთხ ქვეყანას ყაზახეთიც დაემატა, რომლის ათვისებასა და განვითარებაზეც კომპანია 2024 წელს აქტიურად იმუშავებს.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „გასული წელი კომპანიისთვის განსაკუთრებით პოზიტიური და არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების წელი იყო. გავაფართოვეთ ოპერირების გეოგრაფიული არეალი. აზერბაიჯანში ახალ დილერთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, რაც პირდაპირ აისახა გაყიდვების ზრდასა და ბრენდის იმიჯზე. შეიძლება ითქვას, რომ წლის განმავლობაში ყველანაირი გეგმა არა თუ შევასრულეთ, არამედ გადავაჭარბეთ კიდეც“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება Excellence Club-ის ჯილდოა, რომლის მფლობელიც უკვე ზედიზედ მეორე წელია სწორედ „ვოლვო ქარ კავკასიაა“. Excellence Club „ვოლვოს“ სათავო ოფისის ჯილდოა, რომელშიც ვოლვოს 50 ქვეყნის წარმომადგენლობა მონაწილეობს და შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, მათ შორის: გაყიდვები, ბაზრის წილი, მომსახურება და სხვადასხვა მაჩვენებელი.

კიდევ ერთი აღიარება, რომელიც გასული წლის შედეგებისთვის „ვოლვო ქარ კავკასიამ“ Volvo Cars-ისგან მოიპოვა, Operations leader-ის სტატუსია,რაც ხაზს უსვამს კომპანიის გამორჩეულ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, რომელიც მხოლოდ მიღებული მომსახურებით არ შემოიფარგლება და განსაკუთრებულ ურთიერთობებში ფორმირდება.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე გაყიდვადი მოდელი კვლავ XC90-ია,რომელსაც მოჰყვება XC60-და XC40. „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პირველად გაყიდა ელექტრული C40 და XC40-ები, მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ისიც,რომ, ჯამურად, გაყიდული ავტომობილების 25% დამუხტვად ჰიბრიდებზე მოდის.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართულ ბაზარზე სტაბილურად იზრდება მოთხოვნა სწორედ დამუხტვად ჰიბრიდებზე, აღნიშნული მაჩვენებელი,გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ დამუხტვადი ჰიბრიდი ყველაზე მეტად პასუხობს დღევანდელი ინფრასტრუქტურის მთავარ გამოწვევებს და მაქსიმალურად ერგება ნებისმიერ სიტუაციას. 

 

„ვოლვო ქარ საქართველოს“ წარმატებულ წელზე ციფრებიც მეტყველებს, კომპანიამ შეძლო და გაზარდა როგორც შემოსავლები, ისე დასაქმებულთა რაოდენობა. უფრო ზუსტად, გასულ წელს კომპანიის გაყიდვები, ჯამურად, 45%-ით გაიზარდა.

2023 წლის ბოლოს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა #6-ში, „თეგეტას“ 60-მილიონიანი მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გაიხსნა, რომელიც „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმსა და უახლესი დანადგარებით აღჭურვილ სერვისს მოიცავს. ეს პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში - შვედეთშია წარმოდგენილი. 

თბილისის შოურუმის იდენტური სივრცის მშენებლობა „ვოლვო ქარ კავკასიამ“ უკვე დაიწყო ბაქოში. აზერბაიჯანის შოურუმი ბაზრის ზომის გათვალისწინებით საქართველოს შოურუმზე დიდი იქნება, მის გახსნას კომპანია 2024 წლის მესამე კვარტალში გეგმავს.

ვოლვოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიაზე ზრუნვაა, 2030 წლისთვის კომპანიის კოლექციიდან სრულად იქნება ამოღებული შიგაწვისძრავიანი ავტომობილები. აღნიშნულ ტენდენციას მიჰყვება „ვოლვო ქარ საქართველოც“ და როგორც აღვნიშნეთ, 2023 წელს კომპანიამ აქტიურად დაიწყო ელექტრომობილების გაყიდვა.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების დაინტერესებაც დღითი დღე მზარდია. „ვოლვოს“ ელექტრომობილების სალონში წარმოდგენილი ყველა დეტალი შექმნილია სრულად გადამუშავებული მასალებისგან, რაც ბრენდის მხრიდან ეკოლოგიაზე ზრუნვის საკითხს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

„თეგეტა ჰოლდინგიც“, თავის მხრივ, ზრუნავს, მომხმარებელს გაუადვილოს ელექტრომობილის ფლობა და, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ეტაპზე 70 ერთეულ ელექტროდამტენს ამონტაჟებს, რაც, ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას ელექტრომობილებზე“.

„ვოლვო ქარ კავკასიას“ 2024 წელსაც დიდი გეგმები აქვს, კომპანიის დირექტორი ამ გეგმებიდან სამს განსაკუთრებით გამოყოფს. ესენია: აზერბაიჯანში ახალი შოურუმის გახსნა, სომხეთის შოურუმის რენოვაცია და ყაზახური ბაზრის ათვისება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები