2 1 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, მალე სომხეთში კორონავირუსით დღეში ასობით ადამიანი დაიღუპება

არსებული დინამიკა თუ შენარჩუნდება, მალე სომხეთში კორონავირუსით დღეში ათობით, ასობით ადამიანი დაიღუპება, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი ეთერის დროს გააკეთა.

სომხეთის პრემიერის თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობა „კოვიდ-19“-ის პანდემიას საფრთხედ არ აღიქვამს, ქვეყანა სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.

„თუ ლეტალური შემთხვევების რაოდენობას არ შევამცირებთ, 29 მაისს სომხეთში 10 000 შემთხვევა გვექნება, 12 ივნისს – 20 000, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება მსხვერპლის რაოდენობაც, რადგან რეანიმაციებში უბრალოდ, ადგილი არ იქნება. ეს დინამიკა თუ არ შეიცვლება, ჩვენ სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით, დღეში გვექნება ასობით, ათასობით შემთხვევა და მსხვერპლი. იმისთვის, რომ ასეთი სცენარი თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, ის ქუჩაში ხედავს ადამიანებს, რომლებიც არ იცავენ სოციალურ დისტანციას.

„მოგიწოდებთ, გთხოვთ, მოვითხოვ, რომ დაიცვათ წესები. დაკრძალვის ცერემონიები ისე ტარდება, თითქოს არაფერი ხდება. გვაქვს შემთხვევები, რომ სწორედ დაკრძალვის ცერემონიებზე მოხდა ვირუსის ყველაზე მეტად გავრცელება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 5 271 შემთხვევა. 20 მაისის მდგომარეობით, საავადმყოფოებში მკურნალობას აგრძელებს 2 758 ადამიანი. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსით გარდაიცვალა 67 ადამიანი. მათგან სამი პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები