0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ" - დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

 

"რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ", - დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის უკან რუსეთთან პირდაპირი ფრენების გასაპროტესტებლად მორიგი აქცია გაიმართება.

"მაშინ როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.

ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ვიკრიბებით 16 მაისს, 19 საათზე პარლამენტის უკან, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში რუსული ხომალდის დაჯდომას", - აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ავიაკომპანია Азимут-მა საქართველოდან ნებართვა მიიღო და 17 მაისიდან ფრენებს შეძლებს. ხსენებული ავიაკომპანია უკრაინის ხელისუფლების მიერ არის დასანქცირებული, ისევე როგორც მისი სამივე მფლობელი. გარდა ამისა, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის Азимут-ის თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Сухой-ც. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები