2 0 : 4 2
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციამ შემდეგი საპროტესტო აქციები დააანონსა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა გააცნო და სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.

პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება. უგულავას თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირებზე სტიკერი წარწერით „გაყალბებულია“ დაეკვრება, რომლებზეც პროტესტის მონაწილეები დადგებიან და არჩევნების გაყალბების ფაქტს მდუმარედ გააპროტესტებენ.

„17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, მაიკ პომპეო. ჩვენ ყველა მივესალმებით მას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ჩვენი მთავარი თავისუფლების გარანტი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს და ასევე ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს მდუმარე პროტესტს. დავაფენთ თითოეულ სტიკერს, სადაც ეწერება „გაყალბებულია“ და რუსთაველის პირველიდან ჭავჭავაძის გამზირის პირველამდე, მთელი ცენტრალური პროსპექტები მოფენილი იქნება ამ სტიკერებით, დავაფენთ, დავდგებით ზედ და ვიტყვით, გაყალბებულია, გაყალბებულია, გაყალბებულია და ამ სიყალბეს არ მივიღებთ! ორი მეტრი იქნება თითოეულ ადამიანს შორის დისტანცია. შეიძლება გვერდზე ისეთი მეზობელი იყოს, რომელიც არ გვიყვარს ან ისეთი პარტია, რომელიც არ გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს ამას. გამოდი! დადექი! თუ თვლი, რომ გაყალბებულია და მნიშვნელობა არ აქვს გვერდზე ვინ დგას იმიტომ, რომ ისიც თვლის, რომ გაყალბებულია, იმიტომ, რომ იმასაც უნდა თავისუფალი არჩევნები, იმიტომ, რომ ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა და ისიც გრძნობს, რომ თავისუფალი არჩევნების გარეშე არ იქნება წინსვლა, არ იქნება არც გამარჯვება, კეთილდღეობა და მშვიდობა. ამიტომ გვერდზე აღარ უნდა ვიყუროთ, ერთი გეზი გვაქვს და უნდა ვიყუროთ წინ. ეს აქცია იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, არ შევეგუებით სიყალბეს და არასდროს დავუჩოქებთ ოლიგარქს,“ - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, შემდეგი აქცია გაიმართება არჩევნების მეორე ტურის დღეს 21 ნოემბერს. უგულავას განმარტებით, ამ დღესაც პროტესტის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

„ უნდა გამოვიდეთ, მეგობრებო და პროსპექტებზე გავაკეთოთ ჯაჭვი, იმისთვის, რომ ჩვენ სხვა თანამოქალაქეებს, რომლებსაც შეიძლება, ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ იმ სიყალბეში მონაწილეობა მათი მოქალაქეობრივი ვალია, შევახსენოთ და ვუთხრათ, რომ არ მიიღონ სიყალბეში მონაწილეობა. მეორე ტური არის სიყალბე და ჩვენ ქართველი ხალხი არ ვცნობთ სიყალბეს,“- განაცხადა უგულავამ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განმარტა, მესამე საპროტესტო აქცია იმ დღეს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

„ჩვენ ასევე, გეგმა გვაქვს, რომ, როდესაც ძალით ფურცელზე შეკოწიწებული „ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა“, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს ამ შენობაში შეკრებას ანუ ე.წ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ჩვენ ყველა ქუდი კაცზე შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და „გაუპრავონ“ ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს, ის, რაც მას არ ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ამავე დროს, ჩვენ ვესაუბრებით მათ,“ - განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები