0 7 : 0 4
 | 

პოლიტიკა

პროკურატურა სკანდალურ ჩანაწერებზე განცხადებას ავრცელებს

სკანდალური აუდიოჩანაწერების ნაწილზე, რომელიც "ომეგა ჯგუფის" წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილების შესახებ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტის ყოფილ მინისტრს შორის შედგა, ექსპერტიზა დასრულებულია - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ჩანაწერებში არის წყვეტა და არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის  აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 12 სექტემბერს  გამოძიება დაიწყო 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც  სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. 

გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ იყვნენ ასევე ლევან ყიფიანი  და ზაზა ოქუაშვილი.  საუბარი ეხებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას, რის გამოც ეს  ჩანაწერებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მასში დასახელებული გარემოებების შესწავლაც მიმდინარეობს  საქმის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიებამ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და მათი ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა.

2018 წლის 04 ოქტომბერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  2018 წლის 9; 11; 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით  გასცა ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ისინი არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა  ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი. იხ. ექსპერტიზის დასკვნა

დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები. ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები