საზოგადოება
პროკურატურა თბილისის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ გამოძიებას იწყებს - ვის იბარებენ დაკითხვაზე?
2019-02-13 17:03:16
კორუფცია, გადასახადების დამალვა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვა-მიტაცება - ეს არის საქმე, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა მალე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს და დაკითხვაზე კულტურის ყოფილი მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი, კახა კანდელაკი და თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირველი პირები, მათ შორის გიორგი კერესელიძე დაიბაროს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რომლის რეპრესიებსაც არჩევნების მეორე ტურის წინ ცნობილი პედაგოგის სიცოცხლე შეეწირა, თბილისის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით უკვე საქმის კურსშია.
იგეგმება როგორც მიხეილ გიორგაძის მოხსნა, ისე მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის, კახა კანდელაკის „განრიდება“ ბატიაშვილის უწყებიდან და თბილისის საკონცერტო დარბაზის მენეჯმენტის „კორექტირებაც“ - კერესელიძის ჩათვლით.
„როგორ იწრთობოდა ფოლადი“?
წლების წინ, თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) მიხეილ გიორგაძისა და კახა კანდელაკის „ინტერნეიშენალ ივენთსს“, 49 წლიანი იჯარით ჰქონდა გადაცემული. კომპანიის იურიდიული მისამართი გიორგაძის საცხოვრებელი სახლი იყო.
ამ კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, ბიუჯეტის მიმართ მილიონობით ლარის დავალიანებაც დააგროვა და ინტენსიურად არღვევდა იჯარის პირობებს, რაზეც ივანიშვილის ხელისუფლება თვალს ხუჭავდა.
თუმცა, შეიცვალა დრო და მათდამი დამოკიდებულებაც... ამიტომ, ამ წუთებში, სამართალდამცველები იმ ციფრებს აზუსტებენ, რომლითაც თბილისის საკონცერტო დარბაზის ძველი და მოქმედი მენეჯმენტის ქმედებების გამო საქართველოს ბიუჯეტმა იზარალა. საქმე მილიონებს ეხება.
რა იგეგმება პროკურატურაში?
ინტერნეტ ტელევიზია itv.ge დაინტერესდა და გაარკვია რომ სამართალდამცველებს აქვთ კონკრეტული ინფორმაცია და ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ იკარგებოდა ქონება, იმალებოდა გადასახადები და თეთრდებოდა ფული - თბილისის საკონცერტო დარბაზისა და Check in Georgia-ს ირგვლივ. წყარო პროკურატურიდან გვატყობინებს რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამომძიებლები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაინტერესდნენ, მაგრამ „ფილარმონია სკანდალზე“ შესაძლო გამოძიების დაწყება ავტოავარიაში მოყოლილი მიხეილ გიორგაძის გამოჯანმრთელებამდე გადადეს.
მას შემდეგ რაც მიხეილ გიორგაძე თავს კარგად გრძნობს და თურქეთიდანაც დაბრუნდა, პროკურატურაში დაიწყეს ფიქრი: როდის და რა მოცულობით გაასაჯაროვონ ინფორმაცია, რომელიც ნათელს მოფენს იმას, თუ როგორ იყენებდნენ კულტურის ექს-მინისტრი, მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი და „ფილარმონიის“ დღევანდელი მენეჯერები საკუთარ მდგომარეობას იმისათვის რომ კანონის გვერდის ავლით ემოქმედათ - წლების განმავლობაში.
თუმცა, ბატიაშვილის უწყების ერთერთი მაღალჩინოსანი, კახა კანდელაკი, ჯერჯერობით, საჯაროდ არ იმჩნევს პროკურატურაში არსებულ მასალებს, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზის ყოფილ და ამჟამინდელ მმართველებს ეხება.
„არასოდეს დამიმალავს გადასახადები. არ ჩამიდენია დანაშაული. ამჟამად კულტურის სამინისტროში ვმუშაობ და არაფერი ვიცი პროკურატურაში გამოძიების შესაძლო დაწყების თაობაზე. მე რა შუაში ვარ ფილარმონიასთან...“, - გვითხრა მან.
„ერთადერთი თემა იყო შესული პროკურატურაში, ცოტა გაუგებარი, თან ისე რომ კომუნიკაციაც არ ყოფილა... თქვენ რომ ახსენეთ გადასახადების დამალვა... ეს გადასახადები ვერ დაიმალება ვერანაირად.
მე უშუალოდ დარბაზების დირექტორი ვარ, „ინთერნეიშენალ ივენთსს“ კი, თავისი დირექტორი ჰყავს.
ხოლო კახა კანდელაკი „ინთერნეიშენალ ივენთსის“ დამფუძნებელი იყო, ვიდრე სხვა სამსახურში გადავიდოდა“, - ეს კი თბილისის საკონცერტო დარბაზის ერთერთი დირექტორის, გიორგი კერესელიძის კომენტარია.
"უფლისწული" ბერა
ვიდრე პროკურატურა გიორგაძე-კანდელაკი-კერესელიძის წარსული საქმის დეტალებს გამოფენს, „უფლისწულ“ ბერას სურს შექმნას ახალი კომპანია, რომელიც ერთობლივად მართავს როგორც თბილისის საკონცერტო დარბაზსს, ისე ივანიშვილის აშენებულ Black Sea Arena-ს, რომლის შენახვაც სახელმწიფოს მილიონები უჯდება.
ასე მაგალითად: „2017 წელი, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზმა 6,4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალი წელსაც არანაკლები იქნება“, - მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში და დეპუტატი, რომან გოცირიძე.
ჯერჯერობით, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ვერ ჩამოყალიბდა იმაზე, როგორ და რა ფორმით დაგვდოს პატივი და ჩაერთოს თითოეული ჩვენგანის მუსიკალური გემოვნების დახვეწაში - რეპერი ბერა.
რაც შეეხება თბილისის საკონცერტო დარბაზისა და Check in Georgia-ს ირგლივ პროკურატურაში აკინძულ მტკიცებულებებს, დიდი ალბათობით, მასალები საკმაოდ ბევრ ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკს შეიწირავს - უახლოეს მომავალში.
კომენტარები