სტატია
  1. თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
  2. თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack"-ი ჩაატარა
  3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: როგორია გამარჯვების სტრატეგია? როდის მოვიგებთ?
  4. "ვერ ვიტყვით მშვიდობიანს და ვერ ვიტყვით სამართლიანს" - წილოსანი პროტესტზე
  5. ზახაროვა 4 ოქტომბრის არჩევნებზე: "საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტული იყო"
  6. „ავოკადო“ - როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად
  7. თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
  8. თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი - საინვესტიციო სიახლეები - დაემატა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: როგორია გამარჯვების სტრატეგია? როდის მოვიგებთ?
პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: როგორია გამარჯვების სტრატეგია? როდის მოვიგებთ?

"ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან, რომელიც ადრე დაიწერა(29.09), მაგრამ გვიან მოვიდა(08.10) ჩვენამდე:

აქ დილა ადრე იწყება და ინფორმაციის პირველი წყაროები ჯერ BMG-ის საქმიანი დილაა, რომელიც 7:30 ზე ეკონომიკურ ამბებს გაწვდის, მერე კი ირაკლი კიკნაველიძის დილის გადაცემა ფორმულაზე, რომელიც 9:00ზე უნდა იწყებოდეს წესით, მაგრამ +10წუთით ცდება ხოლმე გრაფიკს, აქვე მადლობა ირაკლის და გიორგი ისაკაძეს, აგვისტოში მოსაწყენი იყო დილა უთქვენოდ.

რამდენიმე დილაა, ყველა სტუმარს ეკითხება ირაკლი: როგორ მივდივართ გამარჯვებამდე? რა არის სტრატეგია? ეს უწყვეტი პროცესი გასაგებია, მაგრამ მერე რა ხდება? როგორ მივდივართ იმ წერტილამდე, როცა ვამარცხებთ რეჟიმს?

[არა, ყველას არ ეკითხება. დავაზუსტებ, ლელო/გახარიას ხალხს არ ეკითხება, ყოველ შემთხვევაში, ისეთი ინტენსივობით არ ეკითხება. ჩემი დაკვირვებით, სხვა წამყვანებიც სხვანაირად ექცევიან ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს. გალაკტიონზე არსებობს ასეთი გადმოცემა (არ ვიცი რამდენად სიმართლეა), რომ გარდაცვალების შემდეგ უპოვეს საქაღალდე, რომელშიც კომუნისტებისთვი დაწერილი ლექსები იყო და ამ საქაღალდეს ეწერა გარედან “იმათთვის” თუ რაღაც მსგავსი. ლელო/გახარიას ხალხისთვისაც ეგრე აქვთ ცალკე, სხვანაირი კითხვები ქართველ ჟურნალისტებს, ნოუთებში ამ კითხვების ფაილს რა ჰქვია, არ ვიცი.

სხვაგან წამიღო, სორი, Edit არ აქვს ამ ფურცლებს, გადაწერები მეზარება, ამიტომ ცოტა ცნობიერების ნაკადია ხოლმე ჩემი ნაწერები.]

მოკლედ, ირაკლის იმ კითხვებს რომ დავუბრუნდე, ყველა რაღაც პასუხებს იძლევა, ცხადია. თუმცა, მგონი ბევრს არ აქვს ზუსტად გააზრებული - მართლა როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე და ამის გამო, თავდაჯერებულობა აკლია.

არადა, მნიშვნელოვანია, რომ ხალხი, რომელიც პროტესტშია ჩართული, კარგად იაზრებდეს, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, სად გვაქვს პრობლემები და რატომ არის ეს გზა ერთადერთი სწორი.

ამიტომ ვწერ ამას.

სინამდვილეში, არაძალადობრივი წინააღმდეგობა ავტოკრატიული თუ დიქტატორული რეჟიმებისადმი არის ცალკე “მეცნიერება”, კარგად შესწავლილი სფეროა და ბრძოლის წარმატებული სტრატეგია და ტაქტიკებიც გამოკვლეულია. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, მხოლოდ წაკითხვა და გააზრება. მერე კი, რაც ყველაზე რთულია - შესრულება. ეს ეხება ყველას, აქტივისტით დაწყებული, პარტიული ლიდერებით დამთავრებული. არსებული პოლიტიკური კლასი არასოდეს მომზადებულა ასეთი ბრძოლისთვის.

როდესაც მე და ჩემი მეგობრები ბანაკებს ვაკეთებდით ახალგაზრდებისთვის, ვასწავლიდით პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ეკონომიკას, სამართლის საფუძვლებს, ილია ჭავჭავაძის იდეებს და დებატების უნარებს. რევოლუცია როგორ კეთდება მაგას არ ვასწავლიდით (გვაბრალებდნენ). არც არავინ ასწავლიდა.

დღევანდელმა პოლიტიკოსებმა იციან როგორ გააკეთონ კომენტარი, როგორ ილაპარაკონ ტელეეთერებში, როგორ ჩაატარონ საარჩევნო კამპანია, ცოტამ ეკონომიკაც იცის, ბიუჯეტის წაკითხვაც შეუძლია, კიდევ უფრო ცოტას შერჩა დებატების უნარები (რადგან დებატი არ არსებობს), მაგრამ 1-2-ს თუ ექნება სრულად გააზრებული, როგორ შეიძლება მივიდეთ გამარჯვებამდე. ამას ბევრი ჩემს გარშემო აკომპენსირებს სწორი ინსტინქტებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. მოკლედ, რევოლუციონერად არავინ გავზრდილვართ, სხვა ტიპის პოლიტიკური თამაშისთვის ვემზადებოდით, რადგან ვერ წარმოგვედგინა, რომ ისევ რუსეთის ხელში შეიძლება აღმოვჩენილიყავით.

ამაში, რომ ამ რეალობისთვის არ მოგვამზადა ჩვენმა ცხოვრებამ, დასაძრახი არაფერია, მაგრამ იმის გააზრება, რომ სხვანაირი ბრძოლა და სხვა უნარები გვჭირდება, გადამწყვეტია გამარჯვებისთვის.

დავუბრუნდები ისევ გამარჯვების სტრატეგიას და პუნქტებს ჩამოვწერ, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს (ჩემი მოგონილი არაა არცერთი), გარედან ამბებს, როგორებიცაა არაღიარება, სანქციები და ა.შ არ ვეხები, მხოლოდ შიგნით გასაკეთებელზე ვწერ.

1. ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ გზა, რომელსაც ჩვენ გავდივართ, უამრავს გაუვლია ჩვენამდე და არ არსებობს ბიძინას რეჟიმისთვის რაიმე ისეთი უნიკალური მახასიათებელი, რაც მის მიერ შექმნილ სისტემას ხდის დაუმარცხებელს. ამათი დამარცხება შესაძლებელია. ამათზე უარესები დაუმარცხებიათ.

ყველა ასეთი ტიპის რეჟიმი ჩამოშლამდე ჩანს მყარი, მონოლითური, ხოლო ჩამოშლის შემდეგ - სასაცილო და ჩნდება ხოლმე კითხვა, ეს სი*ები ამდენ ხანს რანაირად იყვნენ ხელისუფლებაში? “ვაიმე, ამათ ეს აქვთ, ამათ ეს შეუძლიათ, ამათ ეს ქნეს, ესენი ამაზე წავლენ” და სხვა - ყველაფერი არის ბლა, ბლა.

კიდევ ერთხელ - არ არსებობს ბიძინას რეჟიმისთვის რაიმე უნიკალური მახასიათებელი, რაც მას ხდის დაუმარცხებელს. ამ რეჟიმის ჩამოშლა შესაძლებელია და ამის გააზრება/დაჯერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა მოგების გზაზე ვლაპარაკობთ.

2. სამოქალაქო წინააღმდეგობა უნდა იყოს ექსკლუზიურად მშვიდობიანი. თან უბრალოდ მშვიდობიანი კი არა, განდისებურად მშვიდობიანი. ნებისმიერი ქმედება ჩვენი მხრიდან, თუნდაც შუა თითის ჩვენება, არის საკვები რუსული რეჟიმის პროპაგანდისთვის, რომ დაგვხატოს როგორც აგრესიული ხალხი, რაც ხელს უშლის ჩვენი რაოდენობის ზრდას. მეტიც, ნებისმიერი ფიზიკური ძალის გამოყენება ჩვენი მხრიდან, თუნდაც თავდაცვის მიზნით, ნიშნავს, რომ ჩვენიანს იჭერენ და ვკარგავთ გულანთებულ პატრიოტს რაღაც დროით.

კარგად გასაგები რომ იყოს - მე მჯერა, რომ ასეთი რეჟიმის პირობებში არათუ თავდაცვისთვის ძალის გამოყენება, არამედ შეიარაღებული აჯანყებაც კი მოსულა, მაგრამ ერთია მე რა მჯერა და მეორეა, როგორ სჯობს გამარჯვებისთვის. კვლევებით დადასტურებულია, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობის შემთხვევაში რეჟიმზე გამარჯვების შანსი ორჯერ უფრო მაღალია. ასევე, არაძალადობრივი წინააღმდეგობით რეჟიმები საშუალოდ 3-ჯერ უფრო სწრაფად მარცხდება და ბოლოს, რეჟიმის არაძალადობრივი წინააღმდეგობით დამარცხების შემთხვევაში, მდგრადი დემოკრატიის შექმნის შანსი 9-ჯერ უფრო მარალია.

3. როგორია გამარჯვების სტრატეგია? როდის მოვიგებთ?

ცოტა ხნის წინ ფორმულას ვუთხარი სატელეფონო კომენტარში, რომ მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც ყველა პოლიციელს ეცოდინება, რომ აქეთ მხარეს მისი ოჯახის წევრი დგას, მისი ყველა მეზობელი, მისი ყველა ახლობელი დგას, მისი ბავშვობის ძმაკაცები დგანან, მისი ახლობლები დგანან. უფრო გასაგებად ვეცდები ავხსნა.

ამ რუსული რეჟიმის პირობებში საზოგადოება არის ზუსტად ისე დაყოფილი, როგორც ეს ხდება ხოლმე ნებისმიერი ავტოკრატიის თუ დიქტატურის შემთხვევაში. ერთ მხარეს არიან რეჟიმის “მორწმუნეები’, ხალხი რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო (ძირითადად კრიმინალში თანამონაწილეობის და მოპოვებული კეთილდღეობის გამო) საფლავში ჩაჰყვება ბიძინას. ეს ხალხი ცოტაა.

აქეთ ვართ ხალხი, რომელიც აქტიურად ვებრძვით რეჟიმს, მიუხედავად რეპრესიებისა. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. შუაში არის კიდევ ორი ჯგუფი.

ერთი - ეს არის ხალხი, რომელსაც არ სჯერა პროპაგანდის, ესმის რა ტრაკშიც ვართ, მაგრამ ისე ეშინია, რომ რეჟიმს უჭერს მხარს.

მეორე - ეს არის ხალხი, რომელსაც რეჟიმი ყელში ჰყავს ამოსული, ყველაფერი ესმის, არჩევნები რომ ტარდებოდეს, ხმასაც რეჟიმის წინააღმდეგ მისცემდა, სოც.ქსელებშიც შეიძლება არ მოერიდოს პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ ასევე შიშის გამო უფრო მეტის გაკეთებას არ რისკავს, ქუჩაში არ გამოდის.

ჩვენი ამოცანაა, ამ შუაში მყოფი ხალხიდან, მეორე ჯგუფის ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში, ხოლო პირველი ჯგუფის ხალხს - საჯაროდ დავაფიქსირებინოთ ანტი - რეჟიმული პოზიცია. მანდ, მაგ წერტილში ვიგებთ. მანდ იშლება რეჟიმი.

ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, რაც ამ ამოცანის გადაჭრას უწყობს ხელს, არის სწორი და პირიქით.

ერთიანობა, ერთად ძალის გამოსხივება - არის სწორი. მუდმივი პროტესტი, მიუხედავად რეპრესიებისა, არის სწორი. ერთიანი, გასაგები სტრატეგიის არსებობა არის სწორი.

გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესების შექმნა, რომელიც მეტ ადამიანს ჩართავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მისცემს მათ უფლებას თვითონ აარჩიონ პროტესტის ლიდერები, მომავალი პოლიტიკოსები და ა.შ - არის სწორი.

ჩვენი ყველა ქმედება უნდა ემსახურებოდეს ამ სტრატეგიული ამოცანების გადაჭრას და ამას უნდა ვზომავდეთ, რამდენად მუშაობს ესა თუ ის ქმედება. გავედით რეგიონებში - მერე? რა მოგვიტანა მაგან? მოვაწყეთ მარში - მერე? რა მოგვიტანა? ვიდეო გავაკეთე ტიკტოკზე - მერე? დაგვემატა ხალხი ქუჩაში? ვინმე განქოცდა საჯაროდ?

ჩემი იდეა იყო ონლაინ პლატფორმის გაკეთება, რომელიც ყველა ამ გამოწვევას უპასუხებდა, მაგრამ პოლიტიკური კაპიტალი არ მეყო რომ გამეკეთებინა. ხალხის ჩართულობის, გამჭვირვალე პროცესის და რაც მთავარია, იმის გაზომვის გარეშე, რამდენად ეფექტურია ის, რასაც ვაკეთებთ სტრატეგიულ ამოცანებთან მიმართებაში, სულ ვიქნებით ბნელ ოთახში ხელების ფათურის მდგომარეობაში და მოგვიწევს შედეგების გაზომვა ისეთ დიდ აქციებზე, როგორიც იქნება 4 ოქტომბერი. ოღონდ, მანდაც ხალხი რომ გამოვა, არასდროს გვეცოდინება ჩვენმა სწორმა ნაბიჯებმა გამოიყვანა თუ რუსების ნაბიჭვრობებმა.

ბარემ აქვე:

თან იძახდე რუსეთი გვმართავს, რუსეთმა გააჩერა ანაკლიის მშენებლობა, რუსეთი გვიკლავს ევროპულ მომავალს და თან რუსების მიერ მოწყობილ ცირკში მონაწილეობდე, არასწორია. ეგრე არც ქოცობის მოთამაშე შეშინებულს მოუნდება საჯარო განქოცება და არც შეშინებულ ჩვენიანს ქუჩაში გამოსვლა.

ასევე, არ შეიძლება რუსებს ეუბნებოდე ბერლინიდან, თუ ციხით დაგვემუქრებით პოლიტიკურ ლიდერებს, ქვეყნიდან გავიქცევითო და ასე ასწავლიდე პოლიტიკური ველის მოსუფთავების გზას. მითუმეტეს, რომ არ არის ასე. თუ სწორად მახსოვს, მესამედ ზის უკვე მელია, და გვარამია საერთოდ მეოთხედ. არავინ გარბის, მაგრამ მაინც არასწორია.

და ბოლოს, არ შეიძლება რუსებს ეუბნებოდე რევოლუცია არ არის ჩვენი გზაო, როცა აკრძალავენ (მალე იქნება) ჩვენს პარტიებს და ინდივიდუალურად აგვიკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მერე რა ხდება? ბერლინში მივდივართ ყველა ოჯახებით? თუ სხვა გზა გვრჩება გარდა რევოლუციისა?

ამდენს არ წაიკითხავთ, ამიტომ გავჩერდები. მოკლე შინაარსი ისაა, რომ სწორი (კარგი) უნდა ვაკეთოთ ყველამ:)

მოვიგებთ. ვერ უშველით ამათ ვერც ნაჰაიანი და ვერც ჯებე ნოინი.

პ.ს დავიტესტოთ 4 ოქტომბერს.

29.09.25".