სტატია
  1. 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
  2. "არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც"
  3. "არავის მივცემ ნებას, არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს" - მარიონეტული რეჟიმი მეარაყიშვილის დაკავებაზე
  4. "ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია" - სუსი
  5. S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
  6. ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
  7. გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - შსს
  8. "თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან"
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ბიზნესი

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

ქართველებს პიედესტალები გვიყვარს. მარტივად შემოვსვამთ მასზე ადამიანს და კიდევ უფრო მარტივად მოვთხოვთ მის დატოვებას. და, რადგან შელამაზებაც ჩვენი კულტურის ნაწილია, ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპლიმენტის გასამყარებლად ბოლოში „მართლა“-ს ვუმატებთ.

 

ანა გოგუაძე და მის მიერ შექმნილი კაფე „მზიური“ სხვა შემთხვევაა. სივრცეს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაუღო კარი მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, მოაწყო პლასტმასას  ურნა და ხილვადი, ადაპტირებული გახადა  გარემო  ეტლით მოსარგებლეებისთვის, „მართლა“-ს დამატებას არ საჭიროებს. 9 წლის განმავლობაში, „მზიური“ გახდა ადგილი,  სადაც მხოლოდ ყავის დასალევად  არ მიდიხარ.

 

ამიტომ  გასაკვირიც არ იყო, როდესაც თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული მზიური გახდა და „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოც“ ერგო. არადა,  წლევანდელ დაჯილდოებაზე  დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა რეკორდული იყო - 443.

 

თავიდანვე შევთანხმდეთ: მზიური მხოლოდ კაფე არ არის. ეს ზუსტად იცოდა ანა გოგუაძემ როდესაც 9 წლის წინ  დანგრეულ შენობას უყურებდა და გონებაში ნოდარ დუმბაძის სამყაროს აცოცხლებდა.

 

„გული მწყდებოდა მიტოვებულ მზიურის პარკზე. ის ნამდვილად არ ჰგავდა იმ ადგილს, რომელზეც ნოდარ დუმბაძე წერდა და ოცნებობდა. დუმბაძის შემოქმედება ჩემთვის ყოველთვის იყო ჰუმანურობისა და ადამიანობის მაგალითი. 12 წელი თანამოაზრეებთან ერთად ვაკეთებდით ფესტივალს, რომლის მიზანიც ამ ადგილის გამოცოცხლება იყო. ვგულშემატკივრობდი ქალბატონს, რომელმაც თავდაპირველად ამ მიტოვებულ შენობაში სეზონური კაფე გახსნა, თუმცა შემდგომ ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტა“, - გვიყვება ანა.

 

2015 წელს მეგობარმა სოციალური მეწარმეობის კონცეფცია აუხსნა. სოციალური კაფის  მიზანიც კომერციულ მოგებას სცდება და სოციალურ, საზოგადოებრივ თუ ეკოლოგიური იდეების მხარდაჭერას მოიცავს.

 

„ანუ რა გამოდის, რაც მეტ ყავას გავყიდით, მეტი ღონისძიების ჩატარებას შევძლებთ??“- კონტრკითხვა დასვა ანამ და მიხვდა, რომ მის იდეას შესაძლოა ხორცი შესხმოდა.  მზიური უნდა გამხდარიყო ცოცხალი ფუნქციურად დატვირთული არა მხოლოდ პირველ ივნისს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

 

პირველი მხარდამჭერი და ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი თიბისი იყო, რომელმაც პროექტისთვის 50 000 ლარის ოდენობის დონაცია გამოყო, მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ  მიტოვებული შენობა „მზიურს“ დროებით სარგებლობაში გადასცა. თანხა არა მხოლოდ კაფის მოწყობას მოხმარდა, ანამ და მისმა მეგობრებმა ამორტიზირებული ამფითეატრის გარემონტებაც შეძლეს. თიბისის  ნდობა პატარა კომპანიებისთვისაც ბიძგი აღმოჩნდა, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით „მზიურის“ იდეას შეეხიდნენ.

 

„ჩვენ  მომსწრე ვართ, როგორ იცვლება  ადამიანების ქცევა. თავიდან პრობლემად მიაჩნდათ რომ კაფის წინ მანქანას ვერ აპარკინგებდნენ, ახლა ზოგი ველოსიპედით, ზოგი სკუტერით გვსტუმრობს., ზოგიც სპეციალურად გრძელ გზას ირჩევს პარკის მხრიდან რომ ჩვენთან შემოისეირნოს. როდესაც პლასტმასას ყუთი დავდგით, მას ნაგვის ურნადაც იყენებდნენ, შემდეგ ვხედავდით როგორ მოჰქონდათ მაცხოვრებლებს პლასტმასის ჭუჭყიანი ბოთლები, მალევე გამჭვირვალე ყუთში უკვე გარეცხილი ბოთლები იყრებოდა. ბავშვებს, აღარ  უკვირთ ეტლით მოსარგებლე ადამიანი, იმდენად ბუნებრივი ამბავია მათთვის“,- ამბობს ანა.

 

„უკვე ერთი წელია მზიურის მომავალი  გაურკვეველია, რადგან თბილისის მერიას კაფე მზიურისთვის კონტრაქტი არ განუახლებია. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, პირველი რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ შევდივარ მერიის ვებ-გვერდზე და ვამოწმებ აუქციონი ხომ არ დაიდო. მზიური არ არის მხოლოდ კაფე, ამდენი წლის შრომა ჩავდეთ, მერიის როლი დიდია რადგან ამ საქმის პარტნიორები თავადაც იყვნენ. მჯერა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიან და დიალოგის რეჟიმს დავუბრუნდებით. თიბისის დაჯილდოების აპლიკაცია შევავსე, თუმცა დედლაინამდე ერთი საათით ადრე გავგზავნე. გავიფიქრე, თუ გავიმარჯვებთ ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი სჯერათ და მზიური ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი“, - ამბობს ანა.

 

მისი დინჯი ოპტიმიზმი გადამდებია. ადამიანები, რომლებიც მზიურს ხშირად სტუმრობენ, შემდეგ ამ ღირებულებების ერთგვარი ელჩებიც ხდებიან. სხვაგანაც ითხოვენ ადაპტირებულ სივრცეს, ცდილობენ სოციუმში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ. მთავარია სჯერათ, რომ წარმატება გზაშია!