2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივა შეიტანა

პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ ინიციატივა შეიტანა. ამის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქტივისტებმა აქცია გამართეს.

„მინიმალური ხელფასი - 20 ლარი სირცხვილია“, - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ღირსეული მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით პარლამენტში შეტანილ ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ხელფასის მინიმალური ზღვარი 20 ლარია, რაც საქართველოს მოქალაქისთვის ვერ იქნება საკმარისი.

„დღევანდელი აქციის მთავარი მიზეზი არის საქართველოს პროფკავშირების და პირადად ჩემი მესამე მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის ადეკვატური ზღვარი დაწესდეს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მას შემდეგ, რაც 1999 წელს მინიმალურ ზღვრად 20 ლარი დაწესდა, ეს არ შეცვლილა. ის აბსოლუტურად ვერ აკმაყოფილებს იმ გამოწვევებს, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. რეალურად, ჩვენი ინიციატივა ეხება საქართველოს 192 ათას მოქალაქეს, რომელიც სასოწარკვეთილია იმ შემოსავლებიდან და მინიმალური ხელფასიდან, რომელიც საქართველოშია დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სამუშაო ძალის და ტვინებისა და სასოწარკვეთილი მოქალაქეების გადინება“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ირაკლი პეტრიაშვილმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ისეთი დღის წესრიგის შედგენისკენ მოუწოდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე იქნება მორგებული.

„მოვუწოდებ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საკანონმდებლო აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეადგინონ ისეთი დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე იქნება დაფუძნებული და მათ შორის არის სწორედ ჩვენს მიერ შეტანილი ინიციატივა, რომელსაც მყისიერი განხილვა სჭირდება.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, როგორც პარლამენტთან ისე მთავრობასთან, ბიზნესმენებთან, დამსაქმებლებთან და ყველა ცალსახად აცხადებს, რომ ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა და უნდა შეიცვალოს. თუ უნდა შეიცვალოს, ინიციატივა და დაანგარიშება აქ არის. თუ კითხვის ნიშნებია, ჩვენც აქ ვართ და შეგვიძლია ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები