პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც მასზე და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მცდელობის მომზადებაშია ეჭვმიტანილი.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მიიღო სარწმუნო ცნობები ტუსკსა და ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმების შესახებ. კვირას პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სპეციალური თათბირი გამართეს. უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები ამ საფრთხეს „უკიდურესად სერიოზულად“ აღიქვამენ.
ტუსკმა პოლიციას მადლობა გადაუხადა ეჭვმიტანილის დაკავებისას გამოჩენილი „ოპერატიული და გადამჭრელი ქმედებებისთვის“.
სპეციალური სამსახურების კოორდინატორის პრესსპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი პოლონეთის მოქალაქეა და ის ქვემო სილეზიის რეგიონში დააკავეს.
„ამ შემთხვევაში საუბარია მაღალ ალბათობაზე, რომ აღნიშნული მუქარა შესაძლოა რეალურად განხორციელებულიყო“, - აღნიშნა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, კაროლინა გალეცკას თქმით, გეგმის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, რომელიც მინისტრების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი , პოლიციას გადასცა ელექტრონული წერილი პოტენციური თავდასხმის შესახებ ცნობებით.