"რასაც არ უნდა ამბობდეთ NATO-ზე, გეოპოლიტიკასა თუ რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია - ომი რეალური მიზეზის გარეშე. ისტორიას ის სწორედ ასე დაამახსოვრდება…
დიახ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ აიძულოთ რუსები, ასე იარსებონ. მაგრამ თქვენი რესურსები საგრძნობლად მცირდება. თქვენ აღარ გექნებათ საკმარისი ფული ან პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ განაგრძოთ რუსების ლოიალობის ყიდვა ისე, როგორც ამას გასული 26 წლის განმავლობაში აკეთებდით…
როგორც თავად გიყვართ ხოლმე თქმა, „ციფრები უნდა დავთვალოთ“. გუშინ მივიღე ანგარიში მაისის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ. რიცხვმა კვლავ გადააჭარბა 30 000 მოკლულ და მძიმედ დაჭრილ რუს ჯარისკაცს. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს თვიდან თვემდე და გვაქვს თქვენი თითოეული დანაკარგის ვიდეომტკიცებულება - ეს არ არის ცარიელი განცხადებები. ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლის ველზე თქვენი დანაკარგების 63% მოკლულია, და მხოლოდ 37% დაჭრილი. 21-ე საუკუნეში ვერც ერთი არმია ვერ მისცემს თავს ასეთი თანაფარდობის უფლებას. და დაღუპულთა წილი კიდევ უფრო გაიზრდება.
…ბევრს არ სჯეროდა, რომ უკრაინა ამდენ ხანს გაძლებდა. არც თქვენ გჯეროდათ. და არც იმათ სჯეროდათ, ვინც რჩევებს გაძლევდათ. ეს შეცდომა იყო.
თქვენ არ ელოდით უკრაინისგან სრულმასშტაბიან წინააღმდეგობას და ვერ იწინასწარმეტყველეთ, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. და მაინც, ჩვენ ყველა აქ ვართ - ამ სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს. ნუ შეგეშინდებათ ამ ომიდან გამოსვლის გზაზე დადგომის. ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან მოითხოვება...
ჩვენ მყარად ვიდექით - და სიბნელეშიც კი, უკრაინელების გამძლეობა ხელუხლებელი დარჩა. ჩვენ ომი თქვენს ტერიტორიაზე გადმოვიტანეთ და თქვენ მასთან გამკლავებას ჩრდილოეთ კორეის დახმარების გარეშე ვერ შეძლებდით. თქვენ რუსეთის პირველი მმართველი ხართ, ვინც დახმარებისთვის ფხენიანს მიმართა. და დღეს თქვენ სრულად ხართ დამოკიდებული ჩინეთზე - ასევე პირველად რუსეთის ისტორიაში...
შეუძლებელია, ეს ვერ შეამჩნიოთ. ხელისუფლებაში 26 წლის ყოფნის შემდეგ, ასაკი თავისას შვრება. და დროთა განმავლობაში თქვენით დაღლილობა მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ვნახეთ დაზვერვის ანგარიშები, რომლებიც აჩვენებს, რომ ახლა განიხილავთ ომის 2027 და 2028 წლებამდე გაგრძელების გეგმებს.
საკმარისია ომი. უკრაინა გთავაზობთ ამ ომის დასრულებას. ეს უნდა გაკეთდეს პატიოსნად, ღირსეულად და გარანტიებით, რომ ომი თავიდან არ აალდება. უკრაინა გთავაზობთ ომის დასრულებას ჩვენსა და თქვენს შორის პირდაპირი ჩართულობით. მე გთავაზობთ შეხვედრას...
ჩვენ გავიგეთ, რომ ალასკაზე თქვენ უკრაინასა და ევროპასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების მოგვარებას დაგპირდნენ. მაგრამ თქვენ თავადაც ხედავთ, რომ უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება...
უკრაინა მზადაა სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის ფორმატით „ყველა-ყველაზე“, და ეს შეიძლება გახდეს კარგი პროლოგი ომის დასასრულებლად.
სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ომის დროს წაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დასაბრუნებლად.
ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, როგორი მომავალი ელით უკრაინელებისა და რუსების თაობებს, რომლებიც ჩენს შემდეგ მოვლენ.
თუ თქვენ პირადად არ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თავისი არსებობისთვის. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს გვიჭერს. მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით ძლიერად ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის - არა რუსეთისთვის, არამედ პირადად თქვენთვის. და ეს არ არის მუქარა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს არის რუსეთის ისტორიის ფაქტი, რომელიც კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, მოდის ცვლილებები.
ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ დაღლილობის მისაღწევად.
თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ომი" - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ღია წერილში.