სტატია
  1. Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  2. Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
  3. ტრამპის ადმინისტრაციამ 300 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა
  4. ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
  5. ჟურნალისტი ტრამპს: "შეხვდებით პრეზიდენტ სი ძინპინსა და პუტინს ომის დასრულების განსახილველად, ისე, რომ იქ არ იყოს პრეზიდენტი ზელენსკი"?
  6. თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
  7. თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
  8. თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ბიზნესი

Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება

Porsche-მ მომავლის ხედვის კონცეპტუალური მოდელი Mission S წარადგინა, რომელიც ბრენდის საკულტო დიზაინის განვითარების ახალ ეტაპს ასახავს. მოდელი გვთავაზობს ისტორიული სპორტული ავტომობილებით შთაგონებულ ფორმებს, მძღოლზე ორიენტირებულ ინტერიერსა და მართვის ფიზიკური და ციფრული ელემენტების სინთეზს. ამასთანავე, Mission S კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მიანიშნებს - Porsche 911-ზე მაღალ კლასში პოზიციონირებული, ცენტრალურძრავიანი სუპერქარების ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს.

მიხაელ ლაიტერსი, Porsche AG-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე: „Porsche პირველივე შეხედვით უნდა ამოიცნობოდეს. Mission S სწორედ იმ იდეებსა და დიზაინერულ მახასიათებლებს წარმოაჩენს, რომლებიც მომავალ წლებში Porsche-ს განვითარებას განსაზღვრავს. ამავდროულად, ის ცენტრალურძრავიანი სუპერქარების პლატფორმაა, რომელიც 911-ზე მაღალ კლასში იქნება პოზიციონირებული - არა როგორც ერთჯერადი ჰიპერქარი, არამედ როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის შეთავაზებული სამოდელო ხაზის მუდმივი და მრავალმხრივი დამატება“.

Mission S-ის მსოფლიო პრემიერისთვის Porsche-მ ნიუ-იორკში, ქუინსის რაიონში მდებარე ისტორიული ადგილი შეარჩია, საიდანაც მანჰეტენის პანორამული ხედი იშლება. სწორედ ამ ადგილას არის გადაღებული Porsche 550 Spyder-ის ფოტოები, რომლებიც 1953 წელს გავრცელდა. მოდელი, რომელიც Porsche-ს პირველ სუპერქარად მიიჩნევა, ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებასა და აშშ-ში მისი პოპულარობის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამ ლოკაციის არჩევით კომპანია საკუთარ ისტორიასა და სამომავლო ხედვას შორის კავშირს უსვამს ხაზს.

ექსტერიერი - Porsche-ს საკულტო დიზაინის თანამედროვე ინტერპრეტაცია

Mission S-ის ექსტერიერში Porsche-სთვის დამახასიათებელი დიზაინერული ელემენტები თანამედროვე ფორმითაა წარმოდგენილი. გამოკვეთილი წინა ფრთები, სახურავისთვის დამახასიათებელი ხაზი და ავტომობილის დაბალი, ფართო პროპორციები მის სპორტულ ხასიათს განსაზღვრავს. ფორმებისა და ზედაპირების ურთიერთქმედება მას ვიზუალურად მსუბუქ, თუმცა მძლავრ და ტექნოლოგიურ იერს აძლევს.

ავტომობილის დიზაინში განსაკუთრებული ყურადღება ხაზების დახვეწილობასა და დეტალების ფუნქციურობას ეთმობა. წინა და უკანა ნაწილის განათების ელემენტებს ერთმანეთთან უწყვეტი ხაზი აკავშირებს, რაც ავტომობილის იერსახეს ერთიანობას სძენს. ამასთანავე, ძარის ზედა ნაწილი მის დინამიკურ და სპორტულ, „კუნთოვან ფორმებს“ უსვამს ხაზს, ქვედა ნაწილში კი ტექნიკური ელემენტები და მსუბუქი კონსტრუქციის პრინციპი იკვეთება.

Mission S-ის დიზაინის შთაგონების წყარო Porsche-ს ისტორიული მოდელებია. მრგვალი ფარები და გამოკვეთილი წინა ფრთები 911-ს მოგვაგონებს, დაბალი წინა ნაწილი – GT1-ს, სახურავის დინამიკური ხაზი კი 959-ის დიზაინს ეხმიანება. ამ ელემენტების თანამედროვე ინტერპრეტაცია ისტორიულ მემკვიდრეობასა და ინოვაციურ მიდგომებს ერთიან კონცეფციაში აერთიანებს.

ცენტრალურძრავიანი არქიტექტურა ავტომობილის პროპორციებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებს განსაზღვრავს. ძრავის ცენტრალური განლაგება Porsche-სთვის დამახასიათებელი სილუეტის შექმნის საშუალებას იძლევა. ფუნქციურობისა და დიზაინის ერთიანობას გამოხატავს გაგრილების სისტემა, რომელიც Porsche 917-ის ტექნიკური გადაწყვეტითაა შთაგონებული, ასევე ძარაში ინტეგრირებული უკანა სპოილერი.

ყურადღებას იქცევს დისკების დიზაინიც, რომელთა კონცეფციაც Porsche 928-ის საკულტო სტილითაა შთაგონებული. ახალი გადაწყვეტა, ვიზუალურ ეფექტთან ერთად, კონსტრუქციის სიმსუბუქეზეა ორიენტირებული.

ინტერიერი - მძღოლი ყურადღების ცენტრში

Mission S-ის სალონი სპორტული ავტომობილის მთავარ ღირებულებებს – მძღოლთან უშუალო კავშირს, ერგონომიკასა და მართვის ემოციურ გამოცდილებას – ეფუძნება. ინტერიერში Porsche-ს ისტორიული სპორტული ავტომობილების, მათ შორის, 550 Spyder-ისა და 356-ის გავლენა იგრძნობა.

მართვის დაფასა და კარებზე გამავალი ხაზები სალონის დიზაინს ერთიანობას სძენს და მძღოლისთვის დაბალ, სპორტულ პოზიციაში ჯდომის განსაკუთრებულ შეგრძნებას ქმნის. მინიმალისტური ფორმები ყურადღებას მართვისთვის აუცილებელ ელემენტებზე მიმართავს, ხოლო ფიზიკური ღილაკებისა და ციფრული კომპონენტების შერწყმა ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებს აერთიანებს.

კლასიკური ღილაკები და გადამრთველები თანამედროვე ეკრანებთანაა ინტეგრირებული, რაც მართვის პროცესს უფრო ინტუიციურს ხდის. მსგავსი მიდგომაა გამოყენებული სავარძლების დიზაინშიც, სადაც ტექნიკური გადაწყვეტები, კომფორტსა და ფუნქციურობასთან ერთად, სპორტულ ხასიათს ინარჩუნებს.

კონცეპტუალური მოდელის ფერთა პალიტრა Porsche-ს სარბოლო მემკვიდრეობას ეხმიანება. თეთრი, ნაცრისფერი და წითელი ტონები, სპეციალურად შემუშავებულ მეტალის ეფექტებთან ერთად, ავტომობილის სპორტულ ხასიათსა და ბრენდის ისტორიულ იდენტობას უსვამს ხაზს.

მართვის გამოცდილება - ანალოგური და ციფრული ტექნოლოგიების სინთეზი

Mission S-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მართვის ინტერფეისია. Porsche-ს მიზანია, მძღოლს შესთავაზოს ანალოგური და ციფრული მართვის ელემენტების ისეთი კომბინაცია, რომელიც მარტივი, მკაფიო და ინტუიციური იქნება. კონცეფცია, დამატებითი ეკრანებისა და ფუნქციების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, მართვის პროცესში უშუალო ურთიერთქმედებას ანიჭებს უპირატესობას.

საჭის უკან ხუთი მრგვალი მექანიკური მაჩვენებელია განთავსებული. ცენტრალური ადგილი ტაქომეტრს უკავია, რომელიც მექანიკურ ისარსა და ციფრულ დისპლეის აერთიანებს. ციფრული დისპლეები ანალოგური ინსტრუმენტების უკან არის განთავსებული, რაც სამგანზომილებიან (3D) ეფექტს ქმნის. მართვის არჩეული რეჟიმის მიხედვით, იცვლება როგორც მაჩვენებლების განლაგება, ისე მათი პოზიცია მძღოლთან მიმართებით. ამგვარი გადაწყვეტა მართვის პროცესში საჭირო ინფორმაციის აღქმას ამარტივებს.

Porsche-ს ტრადიციის შესაბამისად, ავტომობილის გასაღების ბუდე საჭის მარცხენა მხარესაა მოთავსებული. დაფაზე განთავსებული მართვის ახალი ელემენტები კი სხვადასხვა ფუნქციაზე პირდაპირ წვდომას უზრუნველყოფს. განახლებული Sport Chrono მოდულიც ანალოგურ, კლასიკურ ხასიათსა და ციფრულ სიზუსტეს აერთიანებს.

კონცეპტუალურ მოდელში არ არის გათვალისწინებული მართვის დაფაში მუდმივად ინტეგრირებული ცენტრალური ეკრანი ან მგზავრისთვის განკუთვნილი ფიქსირებული დისპლეი. ამის ნაცვლად, საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად შექმნილია MagSafe ტექნოლოგიასთან თავსებადი სმარტფონის გამოსაშლელი სისტემა. მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი სმარტფონი ნავიგაციისა და ინფორმაციის ეკრანად გამოიყენოს.

My Porsche აპლიკაციის საშუალებით მძღოლს ავტომობილის ფუნქციებზე წვდომა და მრგვალი მექანიკური მაჩვენებლებისთვის ისტორიული მოდელებით შთაგონებული ციფრული დიზაინის შერჩევა შეუძლია. შედეგად, მართვის ინტერფეისი პერსონალიზაციის შესაძლებლობას ინარჩუნებს ისე, რომ მთავარი აქცენტი კვლავ მართვის გამოცდილებაზე კეთდება.

Porsche-ს სამომავლო გეგმები

Mission S მხოლოდ დიზაინის კონცეპტუალური ხედვა არ არის - ის Porsche-ს სამომავლო სამოდელო ხაზის განვითარების მიმართულებასაც წარმოაჩენს. კომპანია საკულტო 911-ის ზემოთ პოზიციონირებული, ცენტრალურძრავიანი სუპერქარების პლატფორმის შექმნას გეგმავს. მიზანია ისეთი მოდელის შეთავაზება, რომელიც ბრენდის მუდმივი სამოდელო ხაზის ნაწილი იქნება და არა ერთჯერადი, შეზღუდული პროექტი.

ახალი მიმართულება Porsche-ს მრავალწლიან საინჟინრო გამოცდილებას, მოტოსპორტში დაგროვილ ცოდნასა და ბრენდისთვის დამახასიათებელ ტექნოლოგიურ მიდგომებს დაეყრდნობა. Mission S ამ ხედვის პირველი გამოხატულებაა და აჩვენებს, როგორ შეიძლება Porsche-ს ისტორიული მემკვიდრეობა, თანამედროვე დიზაინი და მძღოლზე ორიენტირებული ტექნოლოგიები მომავალ სპორტულ ავტომობილებში გაერთიანდეს.

--

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს, რომელიც ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.