1 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დედის ძუძუ მეორე, სიყვარული პირველი

ჩამოტვირთვა

მას სწამდა, რომ რთულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს გადარჩენა მხოლოდ განათლებულ ერს შეეძლო, სწორედ ამიტომაც მთელი თავისი სიცოცხლე, ცოდნა და ფინანსები საგანმანათლებლო სფეროს შესწირა. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერალისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის, დაბადებიდან, დღეს, 171 წელი გავიდა. იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს, სოფელ ვარიანში, ადგილობრივი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იაკობის გარდა, მის მშობლებს კიდევ 7 შვილი ჰყავდათ. გადმოცემის თანახმად, სიღარიბის მიუხედავად, მშობლებმა და უფროსმა ძმამ იაკობის განათლებაზე კარგად იზრუნეს. ის სხვადასხვა დროს სწავლობდა გორისა და თბილისის სასულიერო სასწავლებლებში, თბილისის სასულიერო სემინარიასა და კიევის სასულიერო აკადემიაში. თუმცა ავადმყოფობის გამო, რუსეთში სწავლის დასრულება ვერ მოახერხა და 1863 წელს საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში ჩამოსული იაკობ გოგებაშვილი სასულიერო სასწავლებელის პედაგოგი გახდა. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, ის აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც 2 უდიდესი ქართველი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდნენ. პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობისა და ანტირუსული აზროვნების გამო, 1874 წელს, იაკობ გოგებაშვილი სემინარიიდან დაითხოვეს. საზოგადოების ნაწილის მხრიდან მისდამი უსამართლო დამოკიდებულების გამო, იაკობს ჯანმრთელობა შეერყა და რამდენიმე თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაატარა. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გადმოცემის თანახმად, ანტირუსულთან ერთად, იაკობს ანტისაბჭოური განწყობაც ჰქონდა, რის შესახებაც კარგად იცოდნენ ახლადგამოჩეკილმა ქართველმა ბოლშევიკებმა. ამ დროისათვის, ქართველ ბოლშევიკებს იმდენი ძალაუფლება არ ჰქონდათ რომ იაკობისთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინათ, ამიტომ მისი დაცინვით შემოიფარგლებოდნენ. მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში იაკობ გოგებაშვილმა სასკოლო სახელმძღვანელოები, დედა ენა, ბუნების კარი და რუსკოე სლოვო, გამოუშვა. ამ წიგნებმა დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში. თავად გოგებაშვილი კი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელი გახდა. იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები, ყოველწლიურად, დიდი ტირაჟით იყიდებოდა, რის გამოც მწერალს სერიოზული ფინანსური შემოსავალი ჰქონდა. თავისი ქონების დიდ ნაწილს იაკობი ქველმოქმედებაში ხარჯავდა, ეხმარებოდა გლეხებს, ღარიბებს, ავადმყოფებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათთვის საკუთარი ვინაობის გამხელა არ უყვარდა. ფულს, წამლებსა და სხვადასხვა ნივთებს საკუთარი მოსამსახურის ხელით არიგებდა, ეხმარებოდა ყველას, თავად კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იაკობ გოგებაშვილს ადრეული ასაკიდან სტანჯავდა ფილტვების დაავადება, რის გამოც მას ცოლიც კი არ შეურთავს. როგორც შემდგომში მისი ახლობლები იხსენებდნენ, ქველმოქმედ მწერალს არ სურდა, ავადმყოფობის გამო, მეუღლისთვის ტვირთად ქცეულიყო, ასევე შიშობდა, რომ მისი სენი გენეტიკურად მის შვილებზე გადავიდოდა. ამიტომ პირადი ცხოვრების მოწყობაზე არც კი უფიქრია, თუმცა ისტორიული წყაროების თანახმად, მის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, დარო მამაცაშვილი, რომელიც იაკობს ძალიან უყვარდა. იაკობ გოგებაშვილი 1912 წელს, 72 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ის მაშინდელი დიდუბის სასაფლაოზე დაკრძალეს. მოგვიანებით კი, მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. გარდაცვალების შემდეგ, იაკობ გოგებაშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს ძალიან დიდი თანხები უანდერძა. მთაწმინდაზე გადასვენების დროს კი აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეში დიდი ფულის პატრონი მწერალი ძველი, დაკერილი ფეხსაცმლითა და დაკემსილი წინდებით იყო დასაფლავებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები