0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნახევარკაცად წოდებული ადამიანის ისტორია

ჩამოტვირთვა

37 წლის კენი ისტერდეის ფეხების ამპუტაცია 6 თვის ასაკში ჩაუტარდა. ძვლების იშვიათი დაავადება, რომლის სიხშირეც 25 ათასიდან ერთია, კენის ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში განუვითარდა. ხერხემალსა და ფეხებზე თანდაყოლილი დეფექტის გამო, პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა მას ფეხები მოკვეთეს და ფეხის ძვლებით ხერხემალი გაუმაგრეს. იშვიათი დაავადების მატარებელ ბიჭუნას მედიკოსებმა ხანმოკლე სიცოცხლის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მათი ვარაუდი არ გამართლდა. სხვებისგან განსხვავებული ბიჭი ამერიკელმა ჟურნალისტებმა ბავშვობაშივე შეამჩნიეს. მის შესახებ დაწერილი პირველი სტატია, თითქმის, მთელმა მსოფლიომ წაიკითხა. კენი ძალიან პოპულარული გახდა, 12 წლის ასაკში მხატვრულ ფილმშიც გადაიღეს, მონაწილეობდა სხვადასხვა ტელეშოუში, 1978 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიური ცეცხლის ანთებაც კი მიანდეს. შოუბიზნესის კარი კენისთვის ყოველთვის ღია იყო. 21 წლის ასაკში ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში მიიწვიეს, რის შემდეგაც პოპულარობამ პიკს მიაღწია. წარმატებული კარიერის პარალელურად საინტერესოდ წარიმართა კენის პირადი ცხოვრებაც, პირველი ცოლი 19 წლისამ მოიყვანა, თუმცა ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახი 2 წელიწადში დაინგრა. განქორწინების შემდეგ მის ცხოვრებაში ნიკი გამოჩნდა, გათხოვილი ქალბატონი რომელთანაც კენიმ საიდუმლო რომანი გააბა. ნიკი გათხოვილი იყო ამიტომ მათი ურთიერთობის პირველი ეტაპი დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე წლის შემდეგ ნიკი ქმარს გაშორდა და წყვილმა ურთიერთობა განაახლა. მათ ერთად 2 წელიწადზე მეტხანს იცხოვრეს, ქალს ორი შვილი ჰყავდა, რომლებსაც კენი არაჩვეულებრივ მამობას უწევდა. წყვილს ეჭვი ჰქონდა, რომ ნიკის უმცროსი ქალიშვილის დეზერეს ბიოლოგიური მამა კენი იყო, რადგან გოგონა სწორედ იმ დროს ჩაისახა, როდესაც ნიკი ქმარს კენისთან ღალატობდა. ნიკი და კენი დაინიშნნენ, რის შემდეგაც კენიმ და დეზერემ დეენემის ანალიზი ჩაიტარეს. ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ კენი დეზერეს მამა არ იყო, რაც მისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, კენი ყოველთვის შვილზე ოცნებობდა. დეენემის ანალიზის ჩატარებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ნიკი და კენი დაშორდნენ და ახლა ის საკუთარ მშობლებთან ცხოვრობს. კენიმ ინვალიდის ეტლსა და ფეხის პროთეზზე ჯერ კიდევ ბავშვობაში თქვა უარი. ხელებზე მძიმე დატვირთვის გამო, კენის მხრები მუდმივად სტკივა, ხელის კანი გაუხეშებული აქვს, მის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის დაავადებული თირკმელებიც. აღნიშნული პრობლემების გამო, კენი იძულებული გახდა, მუშაობისათვის თავი დაენებებინა და ახლა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები