0 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა

 

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში 20 და 21 ოქტომბერს ბათუმსა და ქუთაისში ტექ-დღეები გაიმართა. ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა იყო „როგორ ვსწავლობთ ტექნოლოგიებს?!“ ასობით სკოლის მოსწავლე, პედაგოგი და მშობელი დაესწრო.

სპეციალურად ღონისძიებისთვის მოწვეულმა სპიკერებმა -  ანასტასია კვინიკაძემ, სტეფანე გურგენიძემ, ნინი მოდებაძემ, დავით ჩეჩელაშვილმა, სალომე შეყილაძემ, პაკო ტაბატაძემ და მარიკა სიხარულიძემ - აუდიტორიას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ტექნოლოგიებზე, მათ მნიშვნელობაზე, მომავლის პროფესიებზე, საქართველოში ტექ განათლებასა და მისი განვითარების გზებზე.

ღონისძიების დასასრულს, თიბისის ტექნოლოგიური პროგრამების კურსდამთავრებულების მონაწილეობით, პანელური დისკუსია გაიმართა. მონაწილეებმა, თანატოლებს, გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ დაეხმარა მათ თიბისის განათლების პროგრამა ტექში პირველი ნაბიჯების გადადგმაში და როგორ ისწავლეს აპლიკაციების, ჩატბოტების და ვებგვერდების აწყობა.

„გაზაფხულზე გავიარე თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსი, კერძოდ ჩატბოტების შექმნა.  პირველი ჩატბოტი, რომელიც სასწავლო პროცესის დროს ფინალურ ეტაპზე ავაწყვე, არის „ექიმი“. მისი შექმნის პროცესში მრავალი საინტერესო ინფორმაცია მივიღე სამედიცინო სფეროზე და ასე გავიღრმავე ცოდნა. ჩატბოტი „ექიმი“ ფლობდა მრავალ სამედიცინო საკითხს და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. შემდეგ, კურსზე მიღებული ცოდნა პროდუქტიულად გამოვიყენე და სასკოლო პროექტის ფარგლებში, დამოუკიდებლად შევქმენი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩატბოტი, რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ჩატბოტების შექმნის პროგრამის გავლის შემდეგ დავრეგისტრირდი თიბისის გრაფიკული დიზაინის კურსზე. ეს სფეროც საკმაოდ მაინტერესებს და ახლა სწავლის პროცესში ვარ“ - ქეთი ტარიელაძე, ბათუმის №6 საჯარო სკოლის მოსწავლე.

„თიბისის ტექ განათლების კურსის გავლის შემდეგ, შევქმენი ჩატბოტი „მათემატიკის გურუ”. ჩატბოტი ფლობს ყველა ინფორმაციას, რათა აბიტურიენტებმა და დაინტერესებულმა პირებმა, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე, მიიღონ ინფორმაცია როგორც გეომეტრიული, ასევე ალგებრული ამოცანების, ასევე ფუნქციების, დამტკიცებების და თეორიების შესახებ. ამავდროულად, ჩატბოტს შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია წიგნებსა და იმ დამხმარე მასალებზე, მათ შორის ვიდეო გაკვეთილებზეც, რაც მათთვის საჭირო და სასარგებლო იქნება. „მათემატიკური გურუ“ აერთიანებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ მასალებს და დაინტერესების შემთხვევაში შესაფერისი ამოხსნის ტიპებზეც გვაწვდის ინფორმაციას“ - თეკლა მამაგეიშვილი, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე.

თიბისიმ ტექნოლოგიური განათლების ონლაინ კურსები გაზაფხულზე დაიწყო და სწავლების პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 600 უფროსკლასელი გადაამზადა. ამჯერად, ტექნოლოგიური განათლების კურსებზე, 650 უფროსკლასელი სწავლობს ვებგვერდების აწყობას და პროგრამირებას, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას, ციფრულ კომუნიკაციას, გრაფიკულ დიზაინს, ვიზუალურ კომუნიკაციას და UI/UX დიზაინს.

თიბისი აგრძელებს ახლი თაობის მხარდაჭერას და მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებთან ერთად, უახლოეს მომავალში ტექ-დღეების ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები