0 3 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,24 წლის შემდეგ ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ" - სოხუმში დახვრეტილი გმირების ნეშტები ამოცნობილია

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკისმამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ნეშტები ამოცნობილია. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 24 წლის შემდეგ კი, ჩვენი დროის გმირების ნეშტები ოჯახებს გადაეცემათ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო.  საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 10 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა.  მოლაპარაკებების შედეგად,  უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 101 უკვე ამოცნობილი იყო.  ამ ეტაპზე,  კიდევ 25 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი  სოზარ სუბარი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები გადმოსვენებული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და ნეშტების გადაცემის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს.   

სოზარ სუბარმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და აფხაზურ მხარეს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ამოცნობილი 25 ადამიანიდან ყველა გმირია, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას, ჟიული შარტავასთან ერთად, იცავდნენ.  მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ საკუთარი თავი გადაერჩინათ, მაგრამ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება. მომდევნო შეხვედრა ქალაქ ერევანში 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები