1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა – “ადამიანის უფლებათა ცენტრი”

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე დარღვევები გამოვლინდა, – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსის დიაგნოზით 2020 წლის 29 ნოემბერს თბილისში „გერმანულ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. პაციენტის გადარჩენა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ვერ მოხერხდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა თეკლა თორდიას საქმეზე რეაგირების მიზნით თბილისის პროკურატურას და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართა. რეგულირების სააგენტოს უკვე დაწყებული ჰქონდა მოკვლევა, მაგრამ გარდაცვლილის მშობლებს გამოვლენილი დარღვევევა-ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება. რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“. ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე – თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, მყისიერად და ობიექტურად გამოიკვლიოს კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმე, ყველა კითხვაზე ოჯახს მიაწოდოს დროული და ამომწურავი პასუხი. ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, ობიექტურად და დროულად განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები