2 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არ გვაქვს პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, რაც ახლა მარნეულში ხდება, ეს არის ჯოჯოხეთი" - რამო ახმედოვი

დღეიდან, მარნეულის და ბოლნისის რაონები  მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება იზღუდება.

 დახურულია ყველაფერი,  გარდა საკვების, მედიკამენტების და კრიტიკული მედიცინის სხვა ობიექტებისა - ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“, რამდენიმე დღის განმავლობაში ისე მკურნალობდნენ, რომ აღნიშნული ვირუსის შესახებ ეჭვიც არ ჰქონიათ.

მას, კოროვავირუსზე ტესტირება მოგვიანებით ჩაუტარდა, რაც სიტუაციას ბევრად ამძიმებს, რადგან ამ დროის განმავლობაში პაციენტს სხვა ადამინებთან ჰქონდა შეხება. 

ხალხი პანიკაშია, მათ არ აქვთ  პრევენციისთვის საჭირო  საშუალებები..

სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, itv.ge-ი მარნეულში მცხოვრებ ერთ-ერთ პირს, რამო ახმედოვს ესაუბრა:

- რა მდგომარეობაა ახლა მარნეულში?

რამო ახმედოვი: მარნეულში  კარანტინია, გზა გადაკეტილია.

ხალხი პანიკაშია - არ არის პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპირტი. აფთიაქები ცარიელია...

წარმოგიდგენიათ, ადგილობრივი მთავრობიდან დაურეკავთ სააკაშვილის შტაბში იმისთვის, რომ გაერკვიათ, პირბადეები ჰქონდათ თუ არა, რადგან რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობას შტაბის წევრებმა პირბადეები უფასოდ დაურიგეს.

ხალხი დახმარებას ითხოვს, ჩხუბობენ აფთიაქებში, არავინ გვეხმარება - რაც ახლა მარნეულში ხდება, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია! 

ხო, გასაგებია რომ კარანტინია, მაგრამ ყურადღება ვინმემ ხომ უნდა მოგვაქციოს?!

- რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, ამ მხრივ რა ვითარებაა?

- აქ მოსახლეობის უმრავლესობა ვაჭრობს... დღიური ფული აქვთ 15-20 ლარი და დღეს უკვე, საერთოდ,  შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მე მაქვს ნანახი სურათები, თუ რა ხდებოდა თბილისში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აქ ასე არ არის, პურს თუ იყიდის ხალხი, თორე სხვა პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ. 

- თქვენ თავად თუ იცნობდით იმ ქალბატონს ან მისი ოჯახის წევრებს, რომელიც კორონავირუსით არის დაინფიცირებული?

- მე ოჯახის ახლობელს ველაპარაკე გუშინ.. ის ქალი უკვე რამდენიმე დღეა რაც "ჯეო ჰოსპიტალში" იწვა, წარმოიდგინეთ, რამდენიმე დღე იწვა და  ხმაური მხოლოდ გუშინ ატეხეს.

- ხალხს ხომ არ აქვს აგრესია იმ ქალბატონის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა ?

- არა, აგრესია არ აქვთ. კარგი იქნებოდა, რომ დროულად მიექციათ ყურადღება, მაგრამ სამწუხაროდ, არასერიოზულად უყურებენ ყველაფერს.

ერთადერთი რაც ძალიან გვჭირდება და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქებს ახლა მდგომარეობას, ეს არის პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები, ძალიან გთხოვთ, იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები