0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მოგვატყუეს, უდიდესი ბლეფი..” – ზურაბ გურული კორონავირუსის ირგვლივ აგორებულ ჭორებზე

ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“-მოგვატყუეს, უდიდესი ბლეფი – გაიგონებთ დღეს ხშირად კორონას შესახებ. და ცხადია ამის მთქმელი ყოველთვის არის მედიცინაში აბსოლუტური დილეტანტი. ეს განსაკუთრებით ხდება იმ ქვეყნებსა თუ მხარეებში, სადაც კორონა მიზეზთა გამო არ განვითარებულა თავისი მძიმე და უმძიმესი ფორმებით. არადა, პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე, რომელთან შედარებით კომპლექსური გრიპიც უბრალოდ თამაშია. ეს არის უაღრესად ჩახლართული მექანიზმის მქონე დაავადება, რომელიც რაღაც მანქანებით იწვევს სისხლძარღვთა კედლების უმძიმეს ანთებას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის შედედების კასკადის სრულ მოშლას, თრომბების გაჩენას, სხვადასხვა ორგანოებში ქსოვილის ნეკროზს, მიკროინფარქტების, ანუ მკვდარი უბნების წარმოქმნას, იმუნური, დაცვითი სისტემის ისეთ უცნაურ მოშლას, რომ თავად საკუთარ სხეულს უტევს თავდაცვითი კასკადი; წარმოიდგინეთ, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოულოდნელად თავად იმავე ქვეყანას რომ დაუშინოს ყველა რაკეტა. დიახ, ეს არის კორონა, თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცბიერი და რთული ვირუსი, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გადააწყოს საკუთარი თავდაცვის სისტემა წამლების წინააღმდეგ, არაერთელ “წაიკითხოს” შემთხვევით, ან წამლის გავლენით შეცდომით “დაბეჭდილი” საკუთარი ასლები და გამოასწოროს ეს ხარვეზები. ეს არის ობიექტური მიზეზი იმისა, რომ ამ ეტაპზე ამერიკის სამხედრო სისტემამ სამუდამოდ აუკრძალა იმ კორონაგადატანილ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახური, რომლებიც დაავადების მძიმე ფორმის გამო ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ. არავინ იცის ამ ვირუსის ზეგავლენის შორეული შედეგები. და დიახ, პანიკა საჭირო არ არის, რადგან ასეთი გართულებები ჯერჯერობით უცნობი, მაგრამ არამაღალი სიხშირისაა, მაგრამ ეს არის უდავო ფაქტი.

მსოფლიო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას; ეს გარდაუვალია, მაგრამ როგორ ხდება ეს დღეს?

სრულიად ქაოტურად; იმპულსურად, ყოველგვარი მეცნიერული მიდგომის გარეშე. არის ეს საზოგადოების ბრალი? არანაირად!

ეს არის მათი ბრალი, ვინც სრულიად “ჩააგდო” პანდემიის მართვის პროცესი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში. მასის ნდობის დაბრუნება ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა.

ტურისტებისათვის უნდა გაიხსნას სეზონი, მაგრამ, შესწავლა უნდა კონტინგენტს, ქვეყნებს, საიდანაც ეს ტურისტები შემოვლენ. ისევე როგორც ჩინეთის ამბები არ იცის ობიექტურად მსოფლიომ, ასევე რუსეთის. მაგალითად, როგორ განვითარდა ეს ვირუსი რუსეთში, რა სისასტიკით, როგორი იყო მძიმე და უმძიმეს პაციენტთა ხვედრითი წილი, რა პოტენცია არსებობს იმისა, რომ ტურისტები ვირუსის სახიფათო დოზებს თუ მუტანტ შტამებს შეიტანენ ამა თუ იმ ქვეყანაში, რა დაჯდება მათი შემოწმება სწრაფი ტესტებით… – ეს და არაერთი სხვა ლოჯისტიკური შეკითხვა ჰაერშია გამოკიდებული და შემდგომი მოქმედებები ისევ იღბალზეა გათვლილი და არა მეცნიერულად გათვლილ რისკ/სარგებლიანობის შეფარდების კოეფიციენტზე. უაზრო შეზღუდვები, კიდევ უფრო უაზრო ახალი კანონები, საკუთარ რეკომენდაციებსა და წინასწარმეტყველებებში აბურდული ექსპერტები; აგრესიული, დილეტანტი პოლიტიკოსები… ისევ ხელის ცეცებით მიდის წინ მსოფლიო. გაბრაზებული, დაბნეული, მაგრამ გაჯიუტებული. – აი ამერიკაშიც ასე ხდება – იტყვის მავანი. კი ბატონო, ხდება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ფატალური შეცდომების დაშვების ფუფუნება და არიან ისეთებიც, რომლებსაც არა აქვთ. რა მოხდება? არავინ იცის. იმედია გაამართლებს ბრმა იღბალი … ” -წერს ზურაბ გურული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები