0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იყო ნაჩქარევი... შეჩერდეს კანონის განხორციელება" - ეუთო/ოდირის დასკვნასა და რეკომენდაციებზე ნინო ლომჯარია საუბრობს

ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები უფლებამოსილების ვადაში დარჩნენ თანამდებობაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წარიმართა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

„2 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ ეუთო/ოდირს თხოვნით, რომ მათ წარმოედგინათ მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების თაობაზე და იმ ცვლილებების თაობაზე, რაც ამ საკანონმდებლო პროცესს მოჰყვა. 18 თებერვალს ჩვენ მივიღეთ დაჩქარებული წესით მომზადებული საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც არის წარმოდგენილი ეუთო/ოდირის მოსაზრებები განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ეუთო ხაზგასმით ითხოვს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. ეს არის მათი მთავარი რეკომენდაცია. ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ ის პროცესი, თუ როგორც წარიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებელი ინსტიტუტების რეგულირების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ეუთოს სტანდარტებს. ასევე მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა დაარღვია დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის სტანდარტები, როდესაც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის, წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე და ასევე, სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოქმედებასა და საქმიანობაზე. მათ შორის, ახლადშექმნილ სამსახურებზე. ამიტომ ის კატეგორიულად მოითხოვს და აძლევს რეკომენდაციას შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება.

ასევე, მეორე მთავარი არგუმენტი არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონის მოქმედება არ შეჩერდება, ის რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მოქმედ სახელმწიფო ინსპექტორს და მის მოადგილეებს შეუნარჩუნდეთ უფლებამოსილება და მათი უფლებამოსილების ვადაში ისინი დარჩნენ თანამდებობაზე. ეს არის ეუთო/ოდირის ერთ-ერთი პრინციპული მოთხოვნა და ამბობს, რომ მიუღებელია დამოუკიდებელი არჩევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირების თანამდებობის ვადის გაუქმება, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების გზით. მათი თქმით, ეს წარმოადგენს მათი საქმიანობისა და მათი დამოუკიდებლობის ხელყოფას, რომელსაც აქვს ძალიან მძიმე ეფექტი ასევე სხვა დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაზეც. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ამ კანონის მოქმედება და დაიწყოს ღია დისკუსიები დაინტერესებული მხარის მონაწილეობით აღნიშნული საკითხების გარშემო,“- განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები