0 7 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით უსუფაშვილი - ირაკლი კობახიძემ თვითონ მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი

კობახიძემ თვითონ მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი, - ასე ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ერთად მოქმედებს და თუ პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, ამით რევოლუციურ პროცესებში ღიად ჩაერთვება.

რაც შეეხება უშუალოდ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, უსუფაშვილი პოზიციის გამოთქმისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ სასურველია პრეზიდენტმა ეს ინსტრუმენტი არამხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მოსაზრებებით გამოიყენოს.

„კობახიძეს გადაეცით, რომ თუ ეს გეგმა არსებობს, თავადაა ამის შემოქმედი, რადგან თავად მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი.

შეწყალებებთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა და მაქვს პოზიცია, რომ ეს არის სახელმწიფოდ მეთაურის, პრეზიდენტის უზენაესი პრეროგატივა, რომელიც მე მინდა, რომ ამ თანამდებობის პირმა ყოველთვის გამოიყენოს იმ უკიდურესად უმნიშვნელოვანეს შემთხვევებში, როცა ამას ახლავს არამხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მოსაზრებები. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, დღემდე არც ერთ შეწყალებულ თუ შეუწყალებელ ადამიანზე არ გამომითქვამს პოზიცია და ახლაც თავს შევიკავებ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, უსუფაშვილის თქმით, „ოცნების' პროპაგანდაა, რომ „დემოკრატიული სამყარო არის მტერი და საფრთხე საქართველოსთვის და ასეთ დროს გადარჩენა არის ჩრდილოეთში - რუსეთში ან აღმოსავლეთში - ჩინეთში, ამ ვითარებაში კი ზურაბიშვილის მიმართ ეს რეპრესიული ნაბიჯი ჯდება მათ ლოგიკაში".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები