1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით გურჯაანის ტექნოპარკმა ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა

თიბისის მხარდაჭერით და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ორგანიზებით გურჯაანის ტექნოპარკმა, მდგრადი განვითარების თემაზე ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18-წლამდე ახალგაზრდები მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. მოცემული, შეზღუდული, დროის პერიოდში ახალგაზრდები იდეების განვითარებასა და ჩამოყალიბებას სწავლობენ.

ინოვაციების ბანაკის მონაწილეები არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ მალევე მოახერხეს ჯგუფში ადაპტირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს წვდომა ჰქონდათ  საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც 12 საათის განმავლობაში იმუშავეს. მონაწილე გუნდებს დაევალათ ინოვაციური პროექტის მომზადება, რომელის გრძელვადიანი მიზანი მსოფლიოს შეცვლა ან/და არსებული პრობლემის გადაჭრა იყო.

ღონისძიების ბოლოს, თითოეულმა გუნდმა წარადგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.

გამარჯვებული გუნდის წევრებს თიბისისგან საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკი“-ში მონაწილეობისათვის.

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ის მოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.

JA მსოფლიო დაფუძნდა 1919 წელს და 2023 წლის, ზედიზედ მეორედ, არის ნომინირებული ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-6 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

ინოვაციების ბანაკი განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, ჯუნიორ ეჩივმენტ ალუმნთან, გურჯაანის ტექნოპარკთან  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები