1 5 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი“ და „მთიელი წიგნები“ ახალგაზრდების განათლების მხარდასაჭერად

„თეგეტა ჰოლდინგი“ „მთიელ წიგნებს“ მაღალმთიანი რეგიონებისთვის წიგნების შეძენაში ეხმარება. განათლების მხარდასაჭერად ჰოლდინგი, ორგანიზაციასთან ერთად, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის 20-ზე მეტ სოფელში 400-მდე მოზარდს სასურველი წიგნით დაასაჩუქრებს და 10 სასკოლო ბიბლიოთეკას შეავსებს. თეგეტამ წიგნების დარიგება ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიან სოფლებში უკვე დაიწყო.

„მთიელი წიგნებისა“ და თეგეტას თანამშრომლობა პარტნიორობის ფორუმის ფარგლებში შედგა. ღონისძიებაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ბიზნესსექტორის მხარდაჭერის მოსაპოვებლად იდეები წარმოადგინეს, სადაც თეგეტას რჩეული „მთიელი წიგნები“ გახდა. ფორუმი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. პროექტის მხარდაჭერა გაეროს მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - ხარისხიან განათლებას პასუხობს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამის დასტური კი ის არაერთი პროექტია, რომლებზეც წლებია ვმუშაობთ. გვიხარია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლებში უამრავ ბავშვს გავახარებთ. დამატებით, სასკოლო ბიბლიოთეკებს შევავსებთ და უფრო მეტ მოზარდს ექნება წვდომა ლიტერატურაზე, რაც მათ წიგნებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღრმავებს. გვჯერა, რომ კომპანიის მხრიდან ეს არის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები, შედეგზე ორიენტირებული აქტივობა. გვიხარია, რომ „მთიელი წიგნების“ მასშტაბი ფართოვდება და „თეგეტა ჰოლდინგი“, ფაქტობრივად, კამპანიის დაწყების დღიდან რჩება მის მხარდამჭერად“.

„მთიელი წიგნების“ დაფუძნების იდეა ლაშქრობისას გაჩნდა, როდესაც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა თავიანთი თვალით ნახეს, რომ უამრავ სოფელში ახალგაზრდებს არ აქვთ წვდომა თანამედროვე ლიტერატურაზე, ახალ გამოცემებზე. განსაკუთრებით რთული ვითარება დახვდათ მაღალმთიან რეგიონებში. სწორედ აქედან დაიწყო „მთიელი წიგნების“ ისტორია.

„დაუბრუნე წიგნი მთას“ - ასე ერქვა პირველ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც რაჭაში მოგზაურობა დაიგეგმა და „მთიელ წიგნებს“ მეგზურობა „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაუწია. მათ რამდენიმე სოფელი მოიარეს და სკოლების ბიბლიოთეკები წიგნებით მოამარაგეს.

ერთობლივად დაგეგმილი მოგზაურობის პარალელურად, თეგეტამ „მთიელი წიგნები“ ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care-ზე განათავსა, რაც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს პროექტს.

ნათია დარჩია, „მთიელი წიგნების“ ჯგუფის წევრი: დაახლოებით ორი წელია, რაც „მთიელი წიგნები“ არსებობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა მოიარა 230 სოფელი, დაასაჩუქრა 4 500 ბავშვი, მოამარაგა 93 ბიბლიოთეკა და მაღალმთიან რეგიონებს გადასცა 13 800 წიგნი. პროექტი სრულად მოხალისეობრივია. თავიდან ყველაფერს საკუთარი რესურსით, მეგობრების ან უცნობი ადამიანების დახმარებით ვაკეთებდით, რომლებიც თანამონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ. შემდეგ მხარდამჭერი კომპანიებიც გამოჩნდნენ, რის შედეგადაც 2023 წელს მაღალმთიანი რეგიონებისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნების რაოდენობა თითქმის გავასამმაგეთ. ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. დღეს, როცა ამ რიცხვებს ვუყურებთ, გვიკვირს, ნუთუ ეს ჩვენ შევძელით?! ისეთ სოფლებს ვირჩევთ, სადაც უგზოობისა და უტრანსპორტობის პრობლემაა და ვერც საკურიერო მომსახურებით ისარგებლებენ. გვსურს, მთელი საქართველო მოვიცვათ. ყველაზე ძლიერ მოტივაციას, რა თქმა უნდა, ის ბავშვები გვაძლევენ, ვისთანაც ჩავდივართ. საოცარ მოზარდებს ვხვდებით! მათი ანთებული თვალები გვეუბნება, რომ არ უნდა გავჩერდეთ. უნდა გავაგრძელოთ და დავბრუნდეთ კიდეც“.

პროექტის ავტორებსა და მხარდამჭერებს სჯერათ, რომ წიგნებს მოზარდების ცხოვრების შეცვლა შეუძლია. „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით „მთიელი წიგნების“ გუნდს შესაძლებლობა ექნება, კიდევ რამდენიმე ასეული მოზარდი აზიაროს სასურველ წიგნებთან შეხვედრის სიხარულს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები