1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ გამარჯვებისთვის სამი კომპანია იბრძვის, ესენი არიან „ციმ.ციმ“,  „ენთები“ და „აუკი“ .

„ენთები“ საბუღალტრო-ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება. „ენთები“ 2015 წელს დაარსდა და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი.

როდესაც „ენთები“ ბაზარზე გამოჩნდა, არსებული საბუღალტრო კომპანიები აქცენტს აკეთებდნენ მსხვილ ბიზნესზე. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. საბუღალტრო კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი, პრაქტიკულად, მცირე და საშუალო ბიზნესს წვდომას უზღუდავდა. ეს იმ დროს, როცა დიდი ბიზნესების რაოდენობა საქართველოში რამდენიმე ასეულს არ აღემატება, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესების რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს.

„ენთებმა“ კი სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა, თანაც მარტივი მიდგომით: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით და მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანით.  კომპანიამ, ერთი მხრივ, შეამცირა ხარჯები და მცირე და საშუალო ბიზნესს მისაღებ ფასად შესთავაზა მომსახურება და მეორე მხრივ, მოახდინა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის გაციფრულება.

„ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩავანაცვლეთ ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ბუღალტერიის ავტომატიზაცია და დისტანციური ინფორმაციის მიმოცვლა ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში ეს სრულიად რეალურია და სწორედ ამ მიდგომით ვმუშაობთ ჩვენ“, - ამბობს ანი შენგელია, „ენთების“ ადმინისტარციული სამსახურის უფროსი.

გარდა იმისა, რომ 500-ზე მეტ კომპანიას თავიდან ააცილეს ქაღალდებთან ურთიერთობა, „ენთების“ გუნდი დიდ დროს და რესურსს უთმობს კლიენტების კმაყოფილებას. მომხმარებელთა კომფორტისთვის, „ენთებმა“ WhatsApp-ის ჩატი შექმნეს, სადაც კლიენტები პასუხი სწრაფად იღებენ და პრობლემის გადაჭრაც ეფექტურად ხდება.

„ჩვენ ვუსმენთ და ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოსაზრებებს, რისი გაუმჯობესება სურთ, რა მომსახურება მოსწონთ და რა არა. ამ მიზნით რეგულარულად ვიღებთ მათგან უკუკავშირს. მაგალითად, ყველა ახალ კლიენტს ყოველი თვის ბოლოს აუცილებლად გამოკითხვას ვუტარებთ, გენერალური გამოკითხვას კი 6 თვეში ერთხელ ვატარებთ. „ენთები“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილურად ვიზრდებით, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად მომსახურების ხარისხი რჩება და არა რაოდენობა“. 

„ენთებისთვის“ თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტობა ნიშნავს აღიარებას და იმის დასტურს, რომ საქმეს კარგად აკეთებენ და სწორი გზით ვითარდებიან.

„ციმ.ციმ“-ი საბავშვო და საოჯახო ტექსტილის გალერეაა, სადაც გამორჩეული ხარისხითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ამზადებენ ეკო პროდუქციას. „ციმ.ციმის“ საწარმოში საბავშვო, საოჯახო, კომერციულ და გარე გამოყენების ტექსტილის ნაწარმი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილებით და ქარხნული სტილით იკერება.

„ციმ.ციმში“ ფერადი და გამორჩეულად ლამაზი ქსოვილისგან პროდუქციას უნარჩენო წარმოების პრინციპით ამზადებენ, ხოლო შესაფუთად მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე დამზადებულ ტარას იყენებენ.

თუმცა „ციმ.ციმის“ სოციალური პასუხისმგებლობა აქ არ მთავრდება, საწარმოში  უფასოდ ასწავლიან ჭრა-კერვას და წარმოების თანმდევ პროცესებს იმ ქალებს, რომელთაც პროფესია არ გააჩნიათ.  

„ციმ.ციმი არ არის მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, კომპანიისთვის მთავარი ფასეულობა ადამიანური ღირებულებები და ურთიერთობები, კმაყოფილი თანამშრომლები და ბედნიერი მომხმარებლები არიან. სამი წელია რაც ბაზარზე შემოვედით და არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყოლია. მაქსიმალური სიზუსტით ვასრულებთ ყველა შეკვეთას და ყველანაირად ვერგებით მომხმარებელს. თუ რაიმე მიზეზით შეფერხება შეექმნა შეკვეთის მიწოდებას, ვცდილობთ, რომ ეს დისკომფორტი მომხმარებელს სხვანაირად დავუკომპენსიროთ. ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად ვუდგებით. იგივე მიდგომა გვაქვს თანამშრომლების მიმართაც - შევუქმნათ მათ მაქსიმალური კომფორტი და ოჯახური გარემო. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატების საფუძველს ბედნიერი თანამშრომელი და მომხმარებელი ქმნიან“, -   ამბობს ანა აბაშიძე, „ციმ.ციმის“ დამფუძნებელი.

ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობამ კომპანიის ცნობადობა აამაღლა და მათ საქმიანობას სოლიდური იერი მისცა.  პროექტში გამარჯვების შემთხვევაში „ციმ.ციმის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ სასურველ პრიზს აიღებს და კომპანიის ახალ ვებგვერდს დაამზადებს.

მესამე კომპანია, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ბიზნეს მოდელიც ამაზე დაფუძნებით აქვს შერჩეული, სივრცითი მოწყობის სერვის კომპანია „აუკია“.

„აუკი“ ადამიანებს სთავაზობს სრულ სპექტრს, დიზაინ კონცეფციიდან დაწყებული გასაღების ჩაბარებამდე. კომპანია უკვე 5 წელია ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცესს იმგვარად გარდაქმნის, რომ მომხმარებელმა, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საუკეთესო სახლში იცხოვრონ და თან ეს პერიოდი პოზიტიურ გამოცდილებად დაამახსოვრდეთ.

„მომხმარებლები წინასწარ განწყობილი არიან, რომ თავი იგრძნონ მოტყუებულად, უყურადღებოდ და საბოლოო პროდუქტით უკმაყოფილოც დარჩნენ. „აუკმა“ ამ პარადიგმის გადასატეხად ინდუსტრიაში სრული გამჭვირვალობის შემოტანა  დაისახა მიზნად და იმ სივრცეში, სადაც ადამიანები ურთულეს კომუნიკაციის გამოცდილებას ელოდებიან, ინტეგრირება გაუკეთა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული პროექტების მენეჯმენტ ინსტრუმენტებს. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით კი მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ ცოცხალ რეჟიმში მიიღოს განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში კი ციფრულად ვთავაზობთ ალტერნატიულ ვერსიებს“, - ამბობს ანანო კახიანი, „აუკის“ თანადამფუძნებელი.

კომპანია აპლიკაცია Trello -ს დახმარებით მუშაობს, რომელიც მსოფლიოში 50 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს ეხმარება პროექტების მენეჯმენტსა და სამუშაოს უკეთ ორგანიზებაში.

Trello -ში „აუკის“ მომხმარებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ მათ კუთვნილ სახლსა თუ ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, ნახონ შესრულებული სამუშაოს პროგრესი და ე.წ. რენდერები, თუ როგორი იქნება საბოლოო ჯამში მათი სივრცე. ამ ყველაფრის ნახვა მათ დისტანციურად, ონლაინ შეუძლიათ, ხოლო თუ ციფრულ სივრცეში არჩევანის გაკეთება გართულდება, ასეთ შემთხვევაში, „აუკის“ თანამშრომლებს მომხმარებელთან მასალა თუ პროდუქტის ვარიაციები ადგილზე მიაქვთ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები