0 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მშობლები ამბობენ, ექიმს თუ სურს, მოვიდეს პანაშვიდზეო..." - ცნობილია თუ როგორ და რა ვითარებაში დაიღუპა 9 წლის მარიამი კბილის ამოღების შემდეგ

მარტვილის სოფელ მუხურჩაში 9 წლის მარიამ ფოჩხუა დაიღუპა. ბავშვს სარძევე კბილის ამოღებიდან მე-8 დღეს, ჭრილობის არეში და მის მიმდებარედ, ანთებითი პროცესის - დაგროვილი ჩირქოვანი მასის გამო, ყბის არეში გაკვეთა დასჭირდა, რაც გართულებული მდგომარეობითა და გოგონას გარდაცვალებით დასრულდა. ბოლო დღეებამდე სრულიად ჯანმრთელი ბავშვის დაღუპვა უმძიმესი ტრაგედიაა, არა მხოლოდ ოჯახისა და სოფლისთვის... ეს თემა სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა და საზოგადოების ნაწილი სტომატოლოგს სდებს ბრალს, ნაწილი კი, მიზეზად ფოჩხუების ოჯახის სოციალურად მძიმე მდგომარეობას ასახელებს, რის გამოც, პატარა მარიამისთვის სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებისა და მედიკამენტების შესაძენად, მათ თანხა არ აღმოაჩნდათ.

„მარიამი 9 წლის იყო. ამ ასაკში უმეტესად შინ უღებენ კბილებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს კბილი ერყეოდა, მშობლებმა შინ ვერ ამოუღეს და ამიტომაც წაიყვანეს ექიმთან, რომელმაც კბილი ამოუღო და როგორც ჩანს, რაღაც საეჭვოც დაინახა. იმიტომ, რომ ჭრილობაში ჩირქი იყო. ამის გამო, ანტიბიოტიკიც დაუნიშნა და მარის დედას ბავშვის კბილებზე რენტგენის გადაღება მოსთხოვა. დაავალა: სურათი აუცილებლად მომიტანეო და გამოუშვა ბავშვიც და მშობელიც. 

ბავშვი სუსტად არ იყო. პარასკევს, მაგალითად, სკოლაში ჩვეულებრივად წავიდა. იქაც არ შესტყობია, რომ ცუდად იყო ან რაიმე სტკიოდა. ასე რომ ყოფილიყო, სკოლაში ხომ არ წავიდოდა? თუმცა, ბავშვი უკვე ორშაბათს ძალიან ცუდად იყო და სკოლაშიც ვეღარ წავიდა. ჭრილობა მთლიანად დაუჩირქდა, რის გამოც, ქუთაისში წაყვანა გახდა საჭირო. იქ მდგომარეობა რომ დაინახეს, ყბა გაუჭრეს და შიგ ჩამდგარი ჩირქი ამოუწმინდეს, მაგრამ ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო. ბავშვს აღარაფერმა უშველა; სისხლი მოეწამლა.

მარის მშობლები იმდენად ღატაკები არ არიან, რომ ბავშვის საავადმყოფოში წასაყვანი ფული როგორმე ვერ ეშოვათ. დაუღალავად და მუხლჩაუხრელად მშრომელი ხალხია, შვილებს უვლიან. მართალია, სოციალურად დაუცველები არიან, მაგრამ შრომა არ ეზარებათ. ამიტომ, ღატაკები ვერ იქნებიან. არც ექიმს აბრალებენ რაიმეს. პირიქით, ამბობენ, ექიმს თუ სურს მოვიდეს პანაშვიდზე, მაგას ჩვენს უბედურებაში ბრალი არ უდევსო. ანგელოზი წავიდა და ახლა მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ მის სახელზე მის დედ-მამას გამძლეობა ვუსურვოთ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ოჯახის ერთ-ერთ ახლობელმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

კვირის პალიტრა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები