2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

თიბისი ქართული ენის მხარდაჭერის ახალ პროექტს - „ქართულად“ - წარადგენს

თიბისი მაიკროსოფტთან, ჯეოლაბთან და საბასთან ერთად ქართული ენის ხელშეწყობის პროექტს -  „ქართულად“ - იწყებს.

პროექტის - „ქართულად“ -  მიზანია,  სათარჯიმნო რესურსის შექმნა,  ამ რესურსის მაიკროსოფტის პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლისთვის საერთაშორისო რესურსებთან და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა. სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის,  პროგრამამ უნდა ისწავლოს ენა, რისთვისაც პირველ ეტაპზე მინიმუმ 100,000 ქართული წინადადების ინგლისურად გადათარგმნაა საჭირო. პროექტის ფარგლებში მაიკროსოფტის სისტემისთვის ქართულის სწავლების შესაძლებლობა ყველა მსურველს მიეცემა.

ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს  შესაძლებლობა ექნება პროექტში ჩაერთოს და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია საბას ელექტრონული წიგნების ბაზიდან.

მას შემდეგ, რაც ორენოვანი  წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ.

100 000 წინადადების თარგმნა პირველი  ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის.

პროექტი ენის შენარჩუნებას ემსახურება და მისი განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა.

 „ქართულად“  საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ PH international და ლექსიკოგრაფიული ცენტრი თინა მარგალიტაძის ხელმძღვანელობით.

პროექტში ჩაერთვებიან მოსწავლეები, მასწავლებლები და  სტუდენტები მთელი საქართველოდან.  მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით.

„ქართულად“ ღიაა ქართული ენის მხარდაჭერის ყველა მსურველისათვის!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები