1 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მაია საავადმყოფოშია და ამაში მე ვარ დამნაშავე

შვილები მშობლებზე ადრე არ უნდა კვდებოდნენო, თქვა ვიღაცამ ჩემს ბავშვობაში და მას შემდეგ, როცა ახალგაზრდა ამ სამყაროს ტოვებს, სულ ეს ხმა მაგონდება, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ვის ეკუთვნის ის. მახსოვს, როცა ეს სიტყვები გავიგონე, გამიჩნდა კითხვა, რომელსაც ბავშვები ყველაზე ხშირად სვამენ - "რატომ?". ამომწურავი პასუხის გაცემა ახლაც არ შემიძლია, მაგრამ ყველა იმ აზრმა, რომელიც პასუხების ძებნისას თავში მიელვებს ხოლმე, უცნაური შიში დამიტოვა - შიში შვილმკვდარი დედების მიმართ და სიბრალული. არ ვიცი, ამ ორიდან რომელი უფრო ძლიერია, მაგრამ ყოველთვის, როცა შვილმკვდარ დედას ვხედავ, ყველა განცდა მტოვებს, მხოლოდ ეს ორი იხლართება ობობას ქსელებივით და მთელ სხეულში იფანტება.

მათ ბინდისფერი აურა აქვთ, რომელსაც შორიდანვე ვგრძნობ და მოქმედების უნარს ვკარგავ... ასე გავიყინე მაშინაც, როცა ბინის დასაქირავებლად ერთ სახლს მივადექი. კარი გაიღო, სახლიდან ჯერ სიბნელე გამოვიდა, შემდეგ მას ძაძებში შემოსილი ქალი გამოჰყვა. მომინდა გავქცეულიყავი, წარმოვიდგინე კიდეც, როგორ სწრაფად ჩავირბენდი კიბეებს, მაგრამ ცისფერ თვალებს შინ შევყევი. არასდროს მენახა ასეთი შავი ცისფერი თვალები... ყოველი ნაბიჯი კიდევ უფრო მიმძაფრებდა ტკივილის განცდას. კედელზე ახალგაზრდა ბიჭის ცისფერ თვალებს წავაწყდი, რომლებიც ოთახის ყველა კუთხეში მპოულობდნენ და მივხვდი, ჩემ წინ მისი დედა იდგა. შავებში მოსილს თავსაფრის ქვემოდან თეთრი თმა მოუჩანდა. ის ღიმილს ცდილობდა, მე - მშვიდ სუნთქვას. 
ვიღაცას ეს სიგიჟედ მოეჩვენება, ვიღაცას მოგონილად, თუმცა ერთადერთი არ ვარ, ვინც ამაზე საუბრობს. მაია წერს, შვილმკვდარ დედებს ძალიან მძიმე, შავი აურა აქვთ, მოდიან და უბედურებას ასხივებენო. გადაცემის ჩაწერაზე მანამდე ვიყავი, სანამ ამ ფრაზას დაწერდა. იქამდე მჯეროდა, რომ შვილმკვდარ დედებს ვგრძნობდი, თუმცა ეს გამონაკლისი იყო. ის მართლა საოცრად ცდილობდა, არ ყოფილიყო ნუცას დედა და ყოფილიყო უბრალოდ წამყვანი. მაია არაა ტიპური ქალი, ძაძებით მოსილი, შავზე უფრო შავი თვალებით. ჩემი წარმოსახვის უნარი ახლოსაც კი ვერ მივა იმასთან, რადაც მას ეს უჯდება. გაცილებით მარტივია, იყო დედა, რომელსაც შვილი აღარ ჰყავს, ვიდრე დარჩე იმად, ვინც იქამდე იყავი.

რთულია გაიღიმო მაშინ, როცა ცრემლები გახრჩობს, როცა შვილის ასაკის ყოველი გოგონას დანახვა საკუთარს გახსენებს, როცა გავიწყდება, რომ ის აღარასდროს გიპასუხებს და შენ ნერვიულობის უფლებაც არ გაქვს. მისი ნახვის უკანასკნელი იმედი სიზმარია. ასეთ დროს ალბათ, მოქსოვილი ურთიერთობის ყოველ ამოვარდნილ ძაფს მისტირი და ცრემლებს ისევ ნაქსოვით იმშრალებ. როცა მაია ასათიანი ხარ, ეს კიდევ უფრო რთულია. დატოვო ცხოვრება სტუდიის მიღმა, მოამზადო გადაცემა ბედნიერი ოჯახების შესახებ და არ შეიმჩნიო, რომ დედა ხარ... უშვილო დედა ...და იმდენად კარგად აკეთებს ამას, რომ ჩვენც ვიჯერებთ. თეთრი კაბა იმდენად გვჭრის თვალს, მის შიგნით დაფარულ ძაძებს ვეღარ ვხედავთ. 
ახლა, როცა მისი საავადმყოფოში მოხვედრის ამბავს ვიგებ, მე, როგორც მაყურებელი, თავს ვიდანაშაულებ, რადგან მან ჩემს ემოციებზე ზრუნვაში საკუთარი განცდების დაკონსერვება და მივიწყებულ ბნელ სარდაფში გამოკეტვა დაიწყო.

დაგროვილ ემოციებს ჯერ ხომ აისბერგის ჩაძირული ნაწილივით ვეჯახებით, შემდეგ კი ისინი ერთიანად ვულკანივით ამოხეთქენ და ირგვლივ ცხოვრების ყველა წესს აუფერულებენ. იღვიძებ დაცლილი, ემოციების ფიალა მთლიანად ცარიელია, მაგრამ ის ახლა კიდევ უფრო მძიმე სატარებელია. სულ არ განაღვლებს, სადაა ახლა შენი ცხოვრება, რელსებიდან გადასული მატარებლის მესაჭესავით კარგავ იმედს. მერე გახსენდება, რომ მარტო არ ხარ, შენ უამრავი ადამიანი გახლავს თან, შენს მატარებელში შენი მაყურებელია, ძალას იკრებ და რელსებზე ბრუნდები. გზას ჯერ დასასრული არ უჩანს. ცხოვრებას კარს უღებ, შენში უშვებ და ფენიქსი ხდები.

მაგრამ მანამდე რა ვაკეთო, ყოველ ხუთშაბათს, ათიდან თორმეტამდე?

მარიამ ელიაშვილიწყარო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები