1 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი კაპანაძე: 9 ფაქტი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ - რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ?

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის მფლობელი და ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე,  სოციალურ ქსელში,  გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის იმ 9 ფაქტის შესახებ წერს, რომელმაც საზოგადოებას უამრავი კითხვა გაუჩინა, გაიყო აზრები, გაჩნდა ეჭვები  და საბოლოოდ, 24 საათიანი სპეცოპერაცია, წარუმატებლად ჩაითვალა...

გიორგი კაპანაძის ფეისბუქ პოსტს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

"9 ფაქტი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ 

1. სპეცოპერაცია იყო სპონტანური, დაუგეგმავი და გაუაზრებელი... სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ჯერ ბავშვები შეუშვეს შემთხვევის ადგილის სიახლოვეს განლაგებულ სკოლასა და ბაღებში და შემდეგ მოიფიქრეს მათი ევაკუაცია, ისევე როგორც იმ კორპუსის მაცხოვრებელთა ტერიტორიიდან გაყვანა...

2. ცუდად დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგი იყო მისი 24 საათით გაწელვა, რა დროსაც სამწუხაროდ, მივიღეთ მსხვერპლი - დაგვეღუპა ერთი სპეცრაზმელი - ვანო გოლოშვილი, ხოლო დაგვეჭრა სამი. 

3. არაპროფესიონალიზმსა და არაკომპეტენტურობას აფრქვევდა სუსის სპიკერი, ნინო გიორგობიანიც თავის ბრიფინგზე, როდესაც გვაცნობა რომ მათი ვინაობაც კი არ იციან, ვისაც ასე გამალებით ებრძოდნენ, შტურმითა და ჯავშანტექნიკით, თუმცა, რამდენიმე კვირაა უთვალთვალებდნენ...

4. არაპროფესიონალიზმისა და არაკომპეტენტურობის შედეგია ისიც რომ საზოგადოება ამ დრომდე ინფორმაციულ ვაკუუმშია. კერძოდ: არ ვიცით ლიკვიდირებულთა ვინაობა, წარმომავლობა და მოტივი. არ გვეუბნებიან რას გეგმავდნენ ისინი ან გეგმავდნენ თუ არა რამეს, საერთოდ... 

5. მძიმე შეცდომა იყო სუსის განცხადების ის ნაწილიც, როდესაც ლიკვიდირებულები ჯერ ტერორისტებად გამოაცხადეს, თანაც ისე რომ პარალელურად მათ ვინაობას არკვევდნენ, ხოლო მოგვიანებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უწოდეს. 
ინფორმაციისათვის: ტერორიზმი არის ძალადობა, შეიარაღებული თავდასხმა საზოგადოებაში შიშის დანერგვის მოტივით, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ვერ ვიტყვით ორგანიზებულ დანაშაულზე...

6. შეცდომა იყო პრემიერის დუმილი მთავრობის სხდომაზეც. წარმოიდგინეთ, საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს სპეცოპერაციას, აფეთქებებს, ინტენსიურ სროლას, კვირიკაშვილმა კი, არც შეიმჩნია ის, რამაც საზოგადოება ასე დაზაფრა. 

   პრემიერის ეს უცნაურობა იმდენად თვალშისაცემი იყო რომ საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის ელჩმაც ისაუბრა იმაზე რომ „მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება“...

7. სუსის უფროსის კომენტარით გამოჩნდა რომ გომელაური ჯერ თავადაც არაა ჩამოყალიბებული რა მოხდა, რა ავირიდეთ თავიდან და საერთოდ, რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს მომხდარს. ანუ, ვებრძოდით რაღაც დანაშაულს და ვიღაც კრიმინალებს, მაგრამ არ ვიცით რას და ვის?

8. ბრიუსელის, პარიზის, ბოსტონის ტერაქტების დროს, ხელისუფლება საზოგადოებას ინტენსიურად აყენებდა საქმის კურსში. უყვებოდა ყველა იმ დეტალს, რომელიც მომხდარის უკეთ გაგებაში დაეხმარებოდა, ეუბნებოდა დამნაშავეთა სახელებსა და გვარებს, უჩვენებდა მათ ფოტოებს, აფრთხილებდა მოსალოდნელი რისკების შესახებ... რა ხდებოდა გუშინ? მსგავსი არაფერი...

9. წარმატებული სპეცოპერაციის შემთხვევაში, ხელისუფლება ინფორმაციას არ მალავს. მეტიც, ცდილობს რომ მომხდარი მეტ-ნაკლებად ტრანსფარენტური გახადოს, რათა არ დარჩეს კითხვები და ეჭვები... 

ასეთ დროს, ხელისუფლება დიპლომატიურ კორპუსს, სხვა ქვეყნების ელჩებს იწვევს და აწვდის ფაქტებსა და მტკიცებულებებს, სთხოვს დახმარებასა და თუ საჭიროა, ჩართულობასაც.

რას ვხედავთ დღეს? მხოლოდ დუმილსა და შესაბამისად, ნაირგვარ სპეკულაციებს, რომლებიც სწორედაც რომ ხელისუფლების შეცდომებითა და უმოქმედობითაა გამოწვეული.

P.S: ამ ხარვეზებისა და შეცდომების მიუხედავად, ათასი მადლობა ჩვენს გმირ სპეცრაზმელებს, მეომრებს, მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას. 
ისინი არიან გმირები".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები