1 6 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

შსს-მ „ქურდული სამყაროს წევრობის“ ბრალდებით 4 პირი დააკავა

შსს-მ „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით კი თენგიზ ხოფერია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

ბორცვაძემ განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე გაფართოვდა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი. 

„მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს, ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია.

გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფ "კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას, რათა სადავო საკითხი ქურდული გარჩევის გზით გადაეწყვიტა. თავის მხრივ, თ.ბ.-მ ქურდული გარჩევის გზით დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მიმართა თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ და ამგვარად შეეცადა თენგიზ ხოფერიასთან საკითხის გარკვევას. აღნიშნულ ქურდულ გარჩევებში, ასევე, ჩართული იყო კ. ბ., რომელიც აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

„კანონიერმა ქურდმა“ თენგიზ ხოფერიამ თ.ბ.-სა და დ.გ.-ს შორის არსებული ფინანსური უთანხმოება ქურდული გარჩევის გზით განიხილა და დავა დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

დ. გ.-მ მიმდინარე წლის მაისში კვლავ მიმართა „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას. მან კრიმინალურ ავტორიტეტს ძმებს - ლ. და გ. დ.-ებს და ზ. კ.-ს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით მოგვარება სთხოვა. თენგიზ ხოფერიამ აღნიშნული დავა „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და ფინანსურ დავაში მონაწილე მხარეები, მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად, დ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა. 

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიასთან სისტემატური კავშირი ჰქონდა დ.მ.-ს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებაში. 

მიმდინარე წლის ივნისში დ. მ.-მ „ქურდული გარჩევის“ გზით ქონებრივი დავის მოსაგვარებლად "კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას დააკავშირა ს. ჯ., რომელმაც ს. ჯ.-ს ქმედება შეაფასა და ქურდული გარჩევის გზით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. დ. მ. „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სისტემატურად უკავშირდებოდა ს. ჯ.-ს, რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით აიძულა, აღესრულებინა "კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, - განახადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223 პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე, 7-დან 10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს შსს-ში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები