0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ყარაბაღის ომში გაიმარჯვა სომხეთმა და დამარცხდა საქართველო”

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ყარაბახის ომში დამარცხებული სომხეთი, სინამდვილეში, ყველაზე გამარჯვებულია. დღეს სომხეთში ამას ვერავინ აღიარებს და საჯაროდ ვერ იტყვის, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი და პროდასავლური სომხური პოლიტიკური, ბიზნეს და საზოგადოებრივი ელიტა უკვე დიდი ხანია ოცნებობს იმ სიმსივნის მოკვეთაზე, რასაც ყარაბახი ქვია. სიმსივნის, რომლის გამოც სომხეთი რუსეთის მძევალია; სიმსივნის, რომლის გამოც ქვეყანას უწევს აიტანოს თავზე წამომჯდარი ყარაბახული ბიზნეს და პოლიტ ბანდიტური ელიტა(სწორედ მათ წინააღმდეგ ამბოხი იყო ფაშინიანის ფენომენი); სიმსივნის, რომლის გამოც თავის ყველაზე ბუნებრივ მოკავშირეს, აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და, რაც მთავარია, საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა პირდაპირი (ინფრასტრუქტურული) და გადატანითი (პოლიტიკური) მნიშვნელობით.

დიახ, გაიმარჯვა სომხეთმა, მაგრამ დღეს ამას ვერავინ აღიარებს, თუმცა გულში ყველას უხარია. შესაძლოა, ფაშინიანი ამას შეეწიროს, მაგრამ მისი სახით მსხვერპლი სომხეთის ისტორიული გათავისულფება-გაჯანსაღებისთვის ნამდვილად ღირდა. და ზუსტად ვიცი, რომ ის ამას ხვდება და ამ მსხვერპლზეც წავა, თუ მის სამშობლოს დასჭირდა.

რაც შეეხება მოზეიმე აზერბაიჯანს. ცხადია, საზეიმო აქვთ – წართმეული ტერიტორიები დაიბრუნეს. თუმცა, თავის სატკივარიც ძალიან დიდი გაუჩნდათ – პრაქტიკულად საკუთარი ბედი გადააბარეს რუსეთს და თურქეთს, რომლებიც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ, თან ერთმანეთის საპირწონედ. აქ სად ჩაიკარგება აზერბაიჯანის ინტერესი, არავინ იცის, და, სამწუხაროდ, არც არავის ადარდებს და არც არავის კითხავს აზერბაიჯანს. აზერბაიჯანს დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ დაძვრეს ამ სიტუაციიდან და ისევ საკუთარი თამაში ითამაშოს და ახლა უკვე, სომხეთის ნცვალდ, ის არ გახდეს “სამშვიდობო კონტიგენტის” მძევალი. ეს იცის აზერბაიჯანმა, მაგრამ სომხეთის მსგავსად, ამას დღეს აზერბაიჯანში არავინ აღიარებს – გამარჯვების ზეიმია და უნდა იყოს.

და რაც შეგვეხება ჩვენ – მაქსიმუმ ათ წელიწადში, აზერები და სომხები შერიგდებიან და ორივე გაძლიერებული გამოვა ამ პრობლემიდან. უმოკლესი და უიაფესი საკომუნიკაციო მარშრუტი ამ რეგიონში კვლავ აღდგება – გაზსადენი იქნება, ნავთობსადენი თუ სამანქანო ან სარკინიგზო კავშირი, გაივლის გეოგრაფიულად უმოკლესი მარშრუტით აზერბაიჯან-სომხეთის გავლით (აქამდე საქართველოზე გადიოდა სომხეთ-აზერბაიჯანის კავშირის არარსებობის გამო).

და საქართველო? – იქნება როგორც ხაშური შემოვლითი გზის გაყვანის შემდგომ. უკანა ეზო, რომელსაც ყველაფერი გვერდს აუვლის. აი ასე იქნება, უანაკლიოდ, საგადასახადო ოფშორულ რეჟიმზე (offshore-onshore) უარის თქმის, საინვესტიციო კოლაფსის პირობებში, რადგან ქართული ოცნება გვმართავს და ამ, ერთდროულად უმძიმეს გამოწვევას და შესაძლებლობების ფანჯარას, გაფარჩაკებულები ვხვდებით.

ყარაბაღის ომში დამარცხდა საქართველო.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები