0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე - მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „რუსული გადაწყვეტილება“ უწოდა. ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს? რომელ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე შეიძლება ჰქონდეს მათთან საუბარი?, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის მიერ ევროპის ქვეყნებში ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს „შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, ნებისმიერ ქვეყანაში წავიდეს და იაროს, სადაც მას სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს, ვინაიდან, მას ასეთი წარმომადგენლობის შესაბამისი მანდატი არ აქვს“.

„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც პრეზიდენტი უხეშად, საჯაროდ არღვევს კონსტიტუციას და ეს უკვე განმეორებით ხდება. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დაცვის და კანონის დაცვის მაგალითი უნდა იყოს, როდესაც თავად დემონსტრაციულად არღვევს ქართველი ხალხის მიერ დაწესებულ წესებს, ამით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი თავის თავს კონსტიტუციის მიღმა აყენებს. სამწუხაროა, ასეთი ქმედებები, მაგრამ ნუ, ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა.

რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით სინამდვილეში ბოლო დღეებში დადასტურდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციით, მათ შორის, სულ ბოლო განცხადებით. მან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „რუსული გადაწყვეტილება“ უწოდა. ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა დაელაპარაკოს ესტონელ, ლატვიელ თუ ლიტველ კოლეგებს. თუკი საქართველოში კონსტიტუციური ორგანო - ეროვნული ბანკი, მისი შეფასებით, „რუსულ გადაწყვეტილებებს“ იღებს, რომელ ლობიზმზე და კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე შეიძლება ჰქონდეს მათთან საუბარი. სწორედ ამას ამბობდა მთავრობა და ამიტომაც არ აძლევდა ვიზიტებზე თანხმობას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

„საინტერესოა, პრეზიდენტის პოზიცია რა იქნება მას შემდეგ, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა იქნება, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, საინტერესო იქნება ამას თუ შერაცხავს ის „რუსულ გადაწყვეტილებად“,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს ესტონელ კოლეგას შეხვდა. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები