0 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

,,მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა…" ფიროსმანის ტკივილი, სევდა, ოცნება...

“მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა, კარგ ტანსაცმელში გამოვეწყობოდი, ოთახს დავიქირავებდი, მაშინ კი ვხატავდი და ვხატავდი,” –ფიროსმანი ნიკალას ეს ოცნება ბოლომდე აუსრულებელი დარჩა. მხატვარმა, რომლის ნამუშევრები დღეს მილიონებად იყიდება და ჩვენი ქვეყნისთვის დაუფასებელ საგანძურს წარმოადგენს, ცხოვრება ბნელ და ნესტიან სარდაფში დაასრულა.  ფიროსმანის სიცოცხლე მისი სიკვდილით დაიწყო. მაშინ, როცა მხატვრის სურათები სარდაფებიდან საგამოფენო დარბაზებში გადაჰქონდათ და მათ ხილვას მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა, ნიკალას დასუსტებული სხეული ავადმყოფობასთან ბრძოლას ბნელ და ცივ ხუხულაში განაგრძობდა.
მას არ გაუვლია სამხატვრო სკოლა. სწავლობდა თბილისის შემოგარენში მდებარე ეკლესია-მონასტრების ფრესკებიდან. ხატავდა ყველაფერზე: კედლებზე, ქაღალდზე, მუშამბაზე… შავ საღებავს ზოგჯერ ჭვარტლისგან ამზადებდა… ხატავდა და ცოცხლობდა იმ იმედით, რომ ოდესმე ნორმალურ პირობებში შეძლებდა მუშაობას.

მირზაანელი მწყემსი

1862 წლის 5 მაისს კახეთის სოფელ მირზაანში, ასლან ფიროსმანიშვილის ოჯახში ვაჟი გაჩნდა – ნიკო. ასლანი ცნობილი მებაღე იყო და სამშვილიან ოჯახს ლუკმაპური არ უჭირდა, მაგრამ ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა.-ნიკო ფიროსმანი ფიროსმანი 8 წლის იყო, როცა დედ-მამა ერთდროულად გაუხდა ავად და თითქმის ერთდროულად გარდაეცვალა. სამი ბავშვი (მარიამი, ნიკო და ფეფუცა) უპატრონოდ დარჩა. უკეთესი ცხოვრების საძებნელად თბილისს მიაშურეს, სადაც შინამოსამსახურეებად დადგნენ. რამდენიმე წელიწადში ავადმყოფობამ უფროსი და – მარიამი შეიწირა. გულაცრუებულმა ნიკომ და ფეფუცამ მირზაანში დაბრუნება გადაწყვიტეს. უმცროსმა დამ მეურნეობა მოაწესრიგა,14 წლის ნიკო კი მწყემსად დადგა. უცქერდა ნიკალა მშობლიურ მინდორ-ველებს და მასში თანდათან მძაფრდებოდა დაუძლეველი სურვილი მშობლიური გარემოსა და ხალხის ასახვისა. რამდენიმე წელი იყო ფიროსმანი მწყემსად.

ერთ დღესაც გვარის უხუცესმა გადაწყვიტა ნიკო ქალაქში სასწავლებლად გაეშვათ. შენს დას ჩვენ ვუპატრონებთო, – დააიმედეს ნიკო და ქალაქში გაისტუმრეს. სწავლის ნაცვლად ისევ მოჯამაგირედ მუშაობა მოუწია ნიკოს. რამდენიმე წლის შემდეგ კი იძულებული გახდა რკინიგზაზე დაეწყო მუშაობა.


უკიდურესად უხეში

1888 წლის გაზაფხულის მზიანი დღე იდგა. ნიკო რკინიგზის სამორიგეოში იყო. ხატვამ იმდენად გაიტაცა, რომ მორიგეობა სულ გადაავიწყა. ამ დროს დერეფანში უფროსმა გამოიარა და სამორიგეოს ღია კარში ისე შევიდა, ნიკოს არც გაუგია. უფროსმა ცოტა ხანს უყურა ხატვით გართულ მორიგეს, მერე ნახატი ხელიდან გამოსტაცა და გარეთ ისროლა. გამწარებული ნიკო უფროსს მივარდა და იატაკზე დასცა. “თავი დაანებე, სამსახურიდან დაგითხოვენ,” – ცდილობდა მხატვრის დამშვიდებას მისი მეგობარი. “რისი უფროსი, რა უფროსი,” – ყვიროდა ფიროსმანი, – “მოვკლავ მაგ მამაძაღლს, თამარის პორტრეტი დამიხია, მაგ ძაღლიშვილმა!”

მართლაც გაათავისუფლეს “უკიდურესი უხეშობისთვის”.

მეგობრების დიდი თხოვნის შემდეგ უკან დააბრუნეს, მაგრამ ნაგებობათა და ლიანდაგის რემონტის სამსახურში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი – სატვირთო მატარებლის ღია პლატფორმის კონდუქტორად. სუსტი ჯანმრთელობის გამო მუდმივად ავადმყოფობდა და იძულებული გახდა სამსახურიდან წასვლის განცხადება დაეწერა: “გთხოვთ ხელმეორედ დამითხოვოთ სამსახურიდან, რადგან ავად გავხდი ქრონიკული სურდოთი, რომელიც სუნთქვას მიშლის. ავად ვარ გულით, თავის ტკივილები მაქვს და რევმატიზმი.” განცხადების მეორე გვერდზე უფროსის რეზოლუცია: “ფიროსმანიშვილის დათხოვნა მეტად სასურველია, რადგან მისი ავადმყოფობა მეტად ცუდი მაგალითის მიმცემია სხვა მოსამსახურეებისათვის.”


მეგობრებმა არ მიატოვეს ნიკალა და ფული შეუგროვეს, რომლითაც მხატვარმა დუქანი დაიქირავა და რძის ნაწარმით ვაჭრობა დაიწყო. ფიროსმანმა დუქნის თეთრი კედლები საკუთარი ხელით მოხატა. ფრიზის სახით წითელი, შავი და თეთრი ძროხები დახატა. ნამუშევრებს დიდი წარმატება ჰქონდა. ვაჭრობაც კარგად აეწყო, მაგრამ ნიკოს ის მაინც მძიმე ტვირთად აწვა. მასში დღითიდღე იზრდებოდა გარშემომყოფებისა და მშობლიური ბუნების ფუნჯით გამოსახვის სურვილი. ხატვა მისთვის მოთხოვნილებად იქცა.

ერთ დღესაც გადაწყვიტა მირზაანში ძველი სახლის ადგილზე ახალი აეშენებინა. მართლაც, ასეც მოიქცა და სახლის კედლები იქაც თავად მოხატა. სურათებზე სოფლის სცენები და პეიზაჟები იყო ასახული. ყველას ეგონა, რომ ნიკო ქალაქს მიატოვებდა, ჩამოიყვანდა ახალგაზრდა ცოლს და სოფელს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ახალ სახლში გამართული მხიარული ქეიფის შემდეგ ფიროსმანი მირზაანში აღარ დაბრუნებულა.

მარგარიტა

ნიკალას ცხოვრებაში ერთადერთმა სიყვარულმა მოჩვენებასავით გაიელვა. კაფე შანტანის მომღერალ-მოცეკვავე ფრანგმა ქალმა, მადმუაზელ მარგარიტამ დაატყვევა ფიროსმანი. ნიკო ისეთი ბედნიერი იყო ამ სიყვარულით, რომ მარგარიტასთვის არაფერს იშურებდა. საჩუქრები, ძვირფასეულობა, ყვავილები – ყველაფერი მას. მარგარიტამ შეიტყო, რომ ნიკო უბრალო მედუქნე იყო და ყველაფერი მას შესწირა, ამიტომ მისი ცხოვრებიდან წასვლა გადაწყვიტა. ფიროსმანი გააფრთხილა, რომ მეორე დღეს მასთან არ მისულიყო, რადგან ეკლესიაში წასვლასა და მათი ბედნიერებისთვის ლოცვას აპირებდა. ნიკომ დაუჯერა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ისევ გაეშურა თავისი ერთადერთი სიყვარულის სანახავად. სასტუმროში უთხრეს, რომ მარგარიტა პარიზს გაემგზავრა.

განცდილმა ტკივილმა სამუდამო დაღი დაამჩნია მხატვრის გულს. ასე დასრულდა მისი შეძლებული ცხოვრებაც, სიტყვაძუნწი და ჩუმი გახდა. ასეთი ტკივილით შექმნა ნიკომ მარგარიტას პორტრეტი. თეთრ ფერს ის სიყვარულის, სიკეთისა და სულიერი სიწმიდის სიმბოლოდ თვლიდა, ამიტომ დახატა მარგარიტა თეთრი ფერით.

აქედან დაიწყო მხატვრის ხელმოკლე ცხოვრება. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დუქნების აბრებისა და კედლების ხატვა იქცა. მედუქნეები კაპიკების სანაცვლოდ ახატინებდნენ ნიკალას დუქნებს. მუშაობა ბნელ და ცივ ოთახებში უხდებოდა. აღებული თანხა ზოგჯერ საღებავებისთვისაც არ ჰყოფნიდა. ცხოვრობდა იქ, სადაც სამუშაოს მისცემდნენ

ნიკალას ტკივილი

1915 წელს მხატვართა კავშირის თხოვნით ლადო გუდიაშვილმა კვლავ მოძებნა ფიროსმანი, რათა მისთვის მცირედი თანხა გადაეცა. ლადომ ის დიდუბეში პატარა სახლის კიბის ქვეშ იპოვა დაუძლურებული. ნიკომ თავისი ტკივილი გაუზიარა გუდიაშვილს: “ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან…

მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას… მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე… მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ.

ცხოვრება კონტრასტია: მდიდარი – ღარიბი, კეთილი – ბოროტი…
როცა ორთაჭალის ტურფებს ვხატავ, მე მათ შავი ცხოვრების ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც აქვთ ცხოვრების სიყვარული – ეს არის მათ ირგვლივ მოთავსებული ყვავილები და ჩიტები. მათ თეთრ ზეწრებში გახვეულებს ვხატავ, მებრალებიან, თეთრი ფერით ცოდვებს ვაპატიებ.
უშვილო მილიონერი მდიდარია, ბედნიერი, სხვისი უბედურებისათვის ყრუა. ის ბატონია. ბავშვებიანი ღარიბები ფეხშიშვლები, მშივრები არიან. ისინი მებრალებიან.”

გარდაცვალება

ერთ დღეს ილია ზდანევიჩს უნდა ენახა ნიკო, რათა მის პორტრეტზე მუშაობა გაეგრძელებინა. შუადღისას შეუარა. მხატვარი ოთახის კუთხეში, სკამებზე გადებულ ფიცარზე წამოწოლილი ისვენებდა. “ჩემი ტალანტი დაიღალა ლოდინით, მე დილით გელოდი, შენ კი დაიგვიანეო,” – უსაყვედურა ფიროსმანმა.

ის მართლაც დაღლილი იყო… ავადმყოფობით, შიმშილით, დაუფასებლობით…

1918 წლის გაზაფხულზე ნიკალას ჯანმრთელობა გაუარესდა. ერთ საღამოს მალაკნის ქუჩა 29-ში სარდაფში ჩავიდა და იატაკზე დაწვა დასაძინებლად. სამი დღე გაატარა სიბნელესა და ნესტში. მესამე დღეს შემთხვევით იპოვა არჩილ მაისურაძემ და მაშინვე არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღენახევრის შემდეგ გარდაიცვალა.

არავინ იცის, სად დაასაფლავეს ნიკალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები