0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

“გაღიმებაც ვერ მოასწრო” …

ჩამოტვირთვა

მამამ დედა მომიკლა, შემთხვევით თუ ძალით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დედა არ მყავს, ამას შეეწირა ბებიაჩემი, ბაბუაჩემი… ახლა ცოტა შეცოდების მომენტიც გამიჩნდა მამაჩემის მიმართ. ალბათ, თვითონაც განიცდიდა, ეს რომ დაემართა, ციხეში იჯდა და ამაზე მეტი საფიქრალი რა ექნებოდა… გული მწყდება, რომ არ ვიცნობდი…მარიკუნა მიქატაძე ეს შემზარავი ტრაგედია 24 წლის წინ დატრიალდა. კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, თბილისის კოლორიტულმა პერსონამ გია ფერაძემ თავისი მშვენიერი მეუღლე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. ამ ტრაგედიამ დაზაფრა და აალაპარაკა თბილისი. მარიკუნა მიქატაძის მოგონებებიდან „ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და ღრიალი დაიწყო. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით… ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო – გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა მინიატურული, კალმის ფორმის იარაღი და ცოლი შემოაკვდა. სხვა ვერსიით კი, მან განზრახ ესროლა და მოკლა… შემზარავი იყო ამ ტრაგედიის გაგრძელებაც – ირინას მამამ, ცნობილმა მოქანდაკემ და სახალხო მხატვარმა – ჯუნა მიქატაძემ დაუნდობლად იძია შური შვილის მკვლელ სიძეზე – ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა, ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნინა და მერეც მკაცრად აკონტროლებდა, რომ მისთვის რეჟიმი არ შეემსუბუქებინათ. ამ ტრაგედიას ჰყავს კიდევ ერთი მსხვერპლი – მარიკუნა, გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. ის 11 თვის იყო, მამამ დედა რომ მოუკლა. მარიკუნა ამ ტრაგედიის შემდეგ, ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს. გია ფერაძის ციხის დღიურებიდან ვკითულობთ „აპრილი ჩემი თვეა, მე მართლაც მაგრად მიყვარს აპრილი... 10-ში ჩემი პატარა გოგოს დაბადების დღეა, 20-ში ჩემი. დღეს 10 აპრილია! აღდგომაა! ქრისტე აღდგა! დღეს 10 აპრილია! ჩემი გოგო 4 წლის გახდა... აღდგომა ჩემთვის უწმინდესი და სასწაულად ლამაზი დღესასწაულია. წითელი კვერცხი... ბატკანი... სანთელი... გაზაფხული... ღმერთო ჩემო, რა დღე დადგა, მე ვკვდები და ქრისტე აღდგა... მოდის დალოცვილი და ამავე დროს დაწყევლილი 20 აპრილიც, ჩემი დაბადების დღე - დაიქცეს ეს დღე. გია, აი ესეც 40 წელი, სულ გაგითეთრდა ტიალი წვერი, გუშინ ყმაწვილი გერქვა სახელად, უცებ ერთ დღეში გახდი ბებერი.“ გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა, მაშინ მარიკუნა 11 წლის იყო, ის მამის დაკრძალვას დაესწრო. „ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანაშვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩემი და, რომელიც პირველი და მერე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა გარდაცვლილი ვნახე, მანამდე არ მყავდა ნანახი“... იხესენებს ფერაძის ქალიშვილი. გია ფერაძე 1948 წლის 19 აპრილს თბილისში დაიბადა . 1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთავისა და სოხუმის ქართულ თეატრებში, კინოსტუდია "ლენფილმში", ხოლო 1974 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს დატრიალდა. 18-ში გუდაურიდან ჩამოვიდნენ, სადაც შეყვარებულ წყვილს სამი დღით ფეიერვერკი მოუწყვიათ. ხელში აყვანილი დაატარებდა თურმე, გუნდაობდნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ. „ირინას გია ძალიან უყვარდა. მაშინ გიას ცოლი ჰყავდა და გაეყარა. მერე ირინა შეირთო. ირინა ძალიან კარგი გოგო იყო, გარეგნულადაც და ბუნებითაც შემკული. უზომო სიყვარულისგან ეჭვიანობდა. იმ კალმისტარ-იარაღს ისეთი წვრილი ტყვია ჰქონდა, საწყალ ირინას ორ ნეკნს შორის გაუარა, აორტა გახია... ნეკნში რომ მოხვედროდა, 5 მილიმეტრიანი ტყვია ვერ მოკლავდა. იარაღი ღუმელში შეაგდო და სახლიდან ფეხშიშველი გამოვარდა. როგორ გინდოდა გაგეღვიძებინა სიდედრ-სიმამრი და გეთქვა, შვილი მოგიკალითო. დაბნეული გავარდნილა. მაგის შტაბ-ბინა კინოსტუდია იყო, სადაც მეგობრებს ხვდებოდა. კინოსტუდიის წინ ასაკიანი ქალი ცხოვრობდა, რომელთანაც როგორც ამბობენ, რომანი ჰქონდა. საბურთალოდან იქ ფეხით ჩასულა. მერე ორი ლიტრი არაყი დაულევია, რომ გათიშულიყო და თავის შესაფარებლად იმ ქალთან მისულა. დავამთავრე ჩემი სიცოცხლე და უნდა ჩავბარდეო. დილით პოლიციაში მივიდა. დილითვე უკვე მთელმა თბილისმა იცოდა ამ შემზარავი ტრაგედიის შესახებ. მარიკუნა მიქატაძის ნაამბობიდან-წარწერა გრაფიკა – ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. თურმე დედაჩემი სულ იმას ამბობდა, ერთადერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო, ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები