0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლის პროცესთან დაკავშირებით

10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აქედან 360 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე არის გადათვლილი, აღნიშნული უბნები, როგორც არაერთხელ გავავრცელეთ ინფორმაცია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით გამოვლინდა.

ამ მონაცემებიდან, გამოიკვეთა, რომ 66,7%-ში არ დაფიქსირდა ცვლილება, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები; რასაც არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

194 საარჩევნო უბნის მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს.

257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები კი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადამოწმდა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ რეკომენდაციის სახით გააცნო საზოგადოებას და საოლქო საარჩევნო კომისიებს.

წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ინფორმაციას სწორედ ამ 257 საუბნო საარჩევნო კომისიის მიხედვით.

შედეგების გადათვლის საფუძველზე, 197 უბანზე ცვლილება არ განხორციელებულა; რაც შეეხება 60 საუბნო საარჩევნო კომისიას, - მცირედი ცვლილება შეეხო ნამდვილ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს.

·         ჯამურად, 60 უბანზე საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ - 53 ხმა;

·         მერობის კანდიდატებს დააკლდათ 5 ხმა და მოემატათ - 41ხმა;

·         მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13 ხმა და მოემატათ - 82 ხმა; 

ამ მონაცემებს არსებულ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 9 ოქტომბერს გადათვალეს 257 საუბნო საარჩევნო კომისიების ის შედეგები, სადაც უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით, ან ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები, სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები. მაშინ როცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს რეკომენდაციის საფუძველზე კონკრეტული საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლის თაობაზე გადაწყვეტილება, სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ. ამიტომ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცესკოს მითითებით გადათვლილია უბნების შედეგები, სადაც მცირე რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები, არასწორია.

საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესის შესახებ ეცნობა სარჩევნო სუბიექტებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს,  რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე. აქედან გამომდინარე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ და დაკვირვებოდნენ გადათვლის პროცესს.

რამდენიმე საარჩევნო ოლქში არ შედგა კვორუმი (ანუ კომისიის შემადგენლობის სრული უმრავლესობა არ გამოცხადდა) და რიგ შემთხვევებში პარტიული ნიშნით დანიშნულმა კომისიების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გადათვლის საკითხს; რის გამოც ვერ განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად.

საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

როგორც საქალაქო, ისე რაიონულ სასამართლოებში მიმდინარეობს უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა და საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები