1 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის ზიანი მიადგა | დაკავებულია 1 პირი

პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა.

მოგვიანებით კორპუსს ბზარები გაუჩნდა, დაიწყო ბეტონის რღვევა, კორპუსი ექსპლუატაციისთვის უვარგისია. გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.

სამართალდამცველებმა ის 29 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"2022 წლიდან საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციაზე სხვადასხვა მიმართულების ბზარები გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით ბეტონის რღვევა განვითარდა. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსის მზიდ კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რასაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის დადგენილებასა და სამშენებლო ნორმებთან. კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა, რადგან ვერ უზრუნველყო მათთვის საცხოვრებლად ვარგისი ფართების გადაცემა", - წერია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები