1 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში”- ბაიდენმა ერს მიმართა ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით

ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხადებაში ამერიკელებს მოუწოდა უარი თქვან ძალადობაზე პოლიტიკაში.

”ჩვენ უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში,” – თქვა ბაიდენმა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასეთი ძალადობა ნორმად იქცეს. ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რიტორიკა ძალიან გახურდა. დროა გაგრილდეს. ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა ამის გაკეთება“.

ბაიდენმა თქვა, რომ პოლიტიკა უნდა იყოს „მშვიდობიანი დებატების არენა“ და ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი.

„ამერიკაში ჩვენ უთანხმოებას საარჩევნო ყუთთან ვაგვარებთ. ახლა ამის გაკეთების დროა. საარჩევნო ყუთთან. არა ტყვიებით“, – თქვა ბაიდენმა მიმართვაში, რომელიც დაახლოებით შვიდი წუთი გაგრძელდა.

პრეზიდენტმა ტრამპს უსურვა სწრაფი გამოჯანმრთელება და  გმირი უწოდა 50 წლის მეხანძრე კორი კომპატორს, რომელიც ტრამპის მიტინგის დროსდაიღუპა , როცა ოჯახის წევრებს ეფარებოდა ტყვიებისგან დასაცავად.

ტრამპის მიტინგზე  ტყვიებით დაიჭრა კიდევ ორი ​​ადამიანი –  57 წლის დევიდ დაჩი და 74 წლის ჯეიმს კოპენჰავერი. ორივე მათგანი  საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავად ტრამპი მსუბუქად დაიჭრა: წინასწარი მონაცემებით, ტყვიამ ექს-პრეზიდენტის თავიდან სულ რამდენიმე მილიმეტრში გაიარა და ყურში მოხვდა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს ჯერ არ გაუკეთებიათ რაიმე კონკრეტული დასკვნა თავდამსხმელის მოტივების შესახებ.

FBI-მ განაცხადა, რომ ტრამპს  20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა ესროლა ბეთელ პარკიდან, რომელიც პენსილვანიაში, 70 კილომეტრში მდებარეობს ბატლერიდან,  სადაც თავდასხმა მოხდა.

თავის მიმართვაში პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ სანდო ფაქტების არარსებობის პირობებში, ინტერნეტში დაიწყო მრავალი ცრუ მტკიცებების და შეთქმულების თეორიების გავრცელება.

„მსროლელის მოტივი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ არ ვიცით, რა შეხედულებები ჰქონდა და ვის დაუჭირა მხარი. ჩვენ არ ვიცით, მიიღო თუ არა მან დახმარება ან მხარდაჭერა ვინმესგან, თუ ვინმესთან იყო კონტაქტში“, – თქვა ბაიდენმა.

მანამდე FBI-მ განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა და სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ არ დაუდგენიათ, უკავშირდებოდა თუ არა ის რაიმე იდეოლოგიას.

ოვალური კაბინეტიდან მიმართვამდე ბაიდენი ჟურნალისტებს ესაუბრა და თქვა, რომ ტრამპის უსაფრთხოება გაძლიერდება. ის ასევე დაჰპირდა უსაფრთხოების გაძლიერებას რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე, რომელიც ორშაბათს იწყება, სადაც ტრამპი ოფიციალურად იქნება წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატად.

თუმცა, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ს ამჟამინდელი და წინა პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე, განაცხადა, რომ რესპუბლიკელების კონვენციაზე თავის მუშაობაში „არავითარ ოპერატიულ ცვლილებას არ ელის“.

ბაიდენმა ასევე დაურეკა ტრამპს, რათა გამოეხატა თანაგრძნობა მკვლელობის მცდელობის გამო. წყაროებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ზარი იყო “მოკლე და პატივისცემით გამსჭვალული”.

ეს იყო ბაიდენის მხოლოდ მესამე მიმართვა ოვალური კაბინეტიდან მისი პრეზიდენტობის მანძილზე. ასეთი გამოსვლები შედარებით იშვიათად იმართება და, როგორც წესი, ყველაზე სერიოზულ მოვლენებს ეძღვნება.

ბაიდენმა ასეთი მიმართვა გასული წლის ოქტომბერში, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ გააკეთა. მანამდე მან 2023 წლის ივნისში მიმართა ერს და მოითხოვა, რომ აშშ კონგრესმა დაუშვას აშშ-ს ვალის ზღვრის გაზრდა.

ტრამპი ეროვნული ერთიანობისკენ მოწოდებით გამოდის

ამასობაში დონალდ ტრამპმა პირველი ინტერვიუ მისცა მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მან Washington Examiner-ს განუცხადა, რომ გადაწყვიტა გადაეწერა თავისი მომავალი კონვენციის გამოსვლის ტექსტი,  რათა ფოკუსირება მოეხდინა ეროვნულ ერთიანობაზე და არა ბაიდენის კრიტიკაზე.

„სიტყვა, რომლის გამოსვლასაც ვაპირებდი, ბომბი იქნებოდა“, – თქვა ტრამპმა. „ეს რომ არ მომხდარიყო, ჩემს ერთ-ერთ ყველაზე წარმოუდგენელ გამოსვლას ნახავდით“, დასძინა მან და განმარტა, რომ მას სურდა ძირითადად ესაუბრო ბაიდენის პოლიტიკის ნაკლოვანებებზე.

„მართალი გითხრათ, ახლა ეს იქნება სრულიად განსხვავებული გამოსვლა. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობა. მათ მომცეს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მან ასევე აღიარა, რომ „ახლა იწყებს რეალობის გააზრებას“ იმის შესახებ, რაც მას კვირას შეემთხვა.

ტრამპი უკვე ჩავიდა მილუოკიში (ვისკონსინი), სადაც კონფერენცია გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები