1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია" - ივანიშვილი

"გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია" - ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. როგორც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მზად არის, პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ეს ობიექტები გაასხვისოს ნებისმიერ ინვესტორზე.

„ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ამ ნაბიჯით მსურს, ერთი მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, KohL&Partners მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად – რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ. წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები