2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თბილისში 10 მრავალსართულიანი ავტოსადგომი აშენდება

თბილისში მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობა იგეგმება. დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „რადისონში“ PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნეს კვლევის შედეგები, რომლის საფუძველზეც მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა. ასევე, ჩატარდა ბაზრის კვლევა და განისაზღვრა ტექნიკური პარამეტრები.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ყოველდღიურად დედაქალაქში დაახლოებით 550 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი დინამიურად მზარდია. შესაბამისად, ისევე როგორც ყველა დიდ ქალაქსა და დედაქალაქში, თბილისშიც სატრანსპორტო საშუალებების პარკირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ პრობლემის დაძლევის გზა, სწორედ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობაა.

თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია PWC-იმ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეარჩია, ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია მოიწვევს დაინტერესებულ კერძო კომპანიებს, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა ათ ყველაზე დატვირთულ ადგილზე ააშენონ მრავალსართულიანი პარკირების ადგილები, რათა ხელი შეეწყოს ქალაქის საცობებისგან განტვირთვას.

„გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომლის საფუძველზეც ქალაქში გამოცხადდება უახლოეს მომავალში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა. შესაბამისად, ჩვენ მოვიწვევთ დაინტერესებულ კერძო კომპანიებს, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, ააშენონ ქალაქში 10 ყველაზე დატვირთულ ადგილზე მრავალსართულიანი პარკინგები და შესაბამისად, ხელი შეუწყონ იმას, რომ განიტვირთოს ქალაქი საცობებისგან და ავტომანქანების გაჩერება გახდეს გაცილებით უფრო კომფორტული. ვინც ყველაზე საუკეთესო პირობებს შემოგვთავაზებს, რაც გულისხმობს სწრაფად მშენებლობას, უკეთესი პირობებით პარკინგების გაკეთებას, ბუნებრივია, მათთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა აშენდეს და დაიწყოს პარკინგებმა ფუნქციონირება. კვლევის საფუძველზე, ძირითადი ნაწილია მრავალსართულიანი მიწისქვეშა პარკინგები, ერთი მათგანი იქნება მიწისზედა მრავალსართულიანი პარკინგი. ეს კონკრეტული ადგილების კვლევიდან გამომდინარე იქნა კონსულტანტი კომპანიის მიერ შემოთვაზებული, ასე რომ, ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლის წარდგენაც დღეს მოხდა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამშენებლო ადგილებად ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები. მრავალდონიანი ავტოსადგომები აშენდება ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია და მხოლოდ ერთია მიწის ზედა (მერიასთან), შესაბამისად, მშენებლობა ქალაქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება.

მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერია კომპანიებს კონკურსის წესით შეარჩევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები