0 6 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,კლეოპატრა, სემუელი, სამი უფროსი და და სამი პატარა ბოკვერი.. ერთ რამედ ღირს ამ სამეფო ოჯახის ნახვა"

თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში "სტატუსს" აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "და აი, დადგა მომენტი, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველოდით! - კლეოპატრა და ბოკვერები გარე ვოლიერში გამოვუშვით! ახლა უკვე შეგიძლიათ მობრძანდეთ და ჩვენი თეთრი ლომების ულამაზესი პრაიდი მოინახულოთ - კლეოპატრა, სემუელი, სამი უფროსი და და სამი პატარა ბოკვერი.

ლომების ოჯახის გაერთიანება ხანგრძლივი და ძალიან საინტერესო პროცესი იყო. 3 თვე დედა და შვილები შემოსაზღვრულ, იზოლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და სხვა ლომებთან მხოლოდ ვიზუალური კონტაქტი ჰქონდათ. ასე ეჩვეოდნენ ნელ-ნელა ერთმანეთს. რამდენიმე დღის წინ მათი გამოშვების დროც დადგა.

ბოკვერებს ჯერ მამა გავაცანით. გასუსულები ვადევნებდით თვალყურს მათ პირველ შეხვედრას. მთავარი იყო, სემუელს აგრესია არ გამოეჩინა შვილების მიმართ. თავიდან იუცხოვა და დაფრთხა. გაურბოდა, ეს რწყილები ვინ არიანო. პატარები კი თავს არ ანებებდნენ, დასდევდნენ, ახტებოდნენ და თუ წამოწვებოდა, მიეპარებოდნენ და კუდს უღეჭავდნენ. შიგადაშიგ ბრაზდებოდა დიდი ხელმწიფე. უღრენდა, მოსასინჯად კბილებს ავლდებდა ქეჩოში (ამ დროს სუნთქვა გვეკვროდა), რამდენჯერმე ტახტრევანიდანაც კი გადმოყარა. მამისა და შვილების ურთიერთობის დარეგულირებაში უმნიშვნელოვანესი როლი დედამ ითამაშა. ოდნავ დაიძაბებოდა თუ არა სიტუაცია, კლეოპატრა იმ წამსვე საყვარელ მეუღლესთან გაჩნდებოდა და ეფოლორცებოდა, ფაფარში თავს უცაცუნებდა და თან ღრუცუნებდა, ჩვენი ბავშვები არიან, არაფერი ატკინოო. ქალური ხიბლით განიარაღებული სემუელი უმალ მშვიდდებოდა.

მამას მიჩვეულები უფროს დებსაც შევახვედრეთ. საფრთხილო იყო, ზრდასრულ ლომებს სათამაშოები არ ჰგონებოდათ და არ დაეზიანებინათ რომელიმე. აქაც კლეოპატრამ იყოჩაღა. აბა, გოგოებო, ჭკვიანად იყავით და მიიღეთ თქვენი უმცროსი და-ძმებიო. პირველმა დაძაბულობამ რომ გადაიარა და უდარდელი კოტრიალი დაიწყეს, ჩვენც მშვიდად ამოვისუნთქეთ. ჰუჰ...

შემოგვისეირნეთ. ერთ რამედ ღირს ამ სამეფო ოჯახის ნახვა." 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები