2 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არ ვაპირებთ ხელისუფლების დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას", - რუსთავი 2-ის მფლობელების განცხადება

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილის 91 პროცენტის მფლობელები უარს აცხადებენ გაიზიარონ, თბილისის საქალაქო სასამართოს მიერ რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად დანიშნული დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის შეთავაზება. ამ თემაზე ლევან და გია ყარამანიშვილებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, 6 ნოემბერს, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტო რეაქციის ფონზე, კონსტიტუციური სივრციდან მთლიანად გასულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია და მესამე პირების სახელით შემოგვთავაზა დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, რომელსაც ე.წ. "დროებითი მმართველები" მიანიჭებდნენ "სრულ უფლებამოსილებას" ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზებაში ისევე, როგორც რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში, ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს, ვითომდა, დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში.

ბუნებრივია, არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით. მათი დანიშვნა იმთავითვე ანტიკონსტიტუციურია. არც დვალთან (რომლის გარიგება ხელისუფლებასთან ამ შეტევის დაწყებისთანავე აშკარა იყო) და არც საყევარიშვილთან (რომელიც ხელისუფლებამ 3 წლის წინ მიავლინა ტელეკომპანია "იმედში" სრული საკადრო წმენდის ჩასატარებლად) არაფერი გვაქვს სალაპარაკო.

სურვილის შემთხვევაში, საქართველო ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, რუსთავი 2-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები