1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნონა წოწორია: "წარმოუდგენელია იმ სისასტიკის სრულად კომპენსირება, რაც რუსეთის ფედერაციამ ქართველების კოლექტიური გასახლებისას ჩაიდინა"

ევროსასამართლოში საქართველოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს 1 500 მოქალაქეს კომპენსაციის სახით, 10 მილიონ ევროს  გადაუხდის

"გილოცავთ ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას!

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოსა და სტრასბურგში ამ საქმეზე დიდი რუდუნებით და თავდაუზოგავად მუშაობდა შედეგის მისაღწევად და მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოიპოვებდა ამისთვის აღიარებას. . .

წარმოუდგენელია იმ სისასტიკის სრულად კომპენსირება, რაც რუსეთის ფედერაციამ ქართველების კოლექტიური გასახლებისას ჩაიდინა. თუმცა, ევროსასამართლოს 2014 წლის ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთობლიობაში დღეს დაკისრებული ანაზღაურება სათანადოდ დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. იმედია, რუსეთი არ გააჭიანურებს აღსრულების პროცესს და საშუალება მოგვეცემა, რომ ისტორიის ეს ფურცელი გადავშალოთ. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ.

მთელი ამ საქმის განხილვის პროცესში, რაც თითქმის 12 წელს მოიცავს, რუსეთი არა მხოლოდ ზოგად სტატისტიკას აპროტესტებდა, არამედ სანიმუშოდ მოყვანილი თითოეული საქმის ყველა წვრილმანს. რუსეთი პრინციპში მოუწოდებდა სასამართლოს, რომ 41-ე მუხლის ფარგლებში თითოეული ინდივიდის საქმის არსებითი განხილვა ჩაეტარებინა, რითაც ფაქტობრივად მისთვის არასასურველი არსებითი გადაწყვეტილების რევიზიის მიღწევა სურდა. მას ეს არ გამოუვიდა!

სახელმწიფოთაშორის საქმეში, როცა მოსარჩელე დავობს ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე, სახელმწიფოს არ მოეთხოვება ყველა დაზარალებულის სრულად მოხსენიება. ამით აიხსნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2007 წელს, საჩივრის წარდგენისას, 118 დეპორტირებულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ეს რომ არასწორი ყოფილიყო, სასამართლო არც გააგრძელებდა სამართალწარმოებას.

დეპორტირებულ პირებზე სრული ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხელში იყო. რუსეთის ფედერაცია არასდროს თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ საკითხზე, რაც გახდა კიდეც კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევის საფუძველი.

ეს სახელმწიფოთაშორის საქმეში 41-ე მუხლის გამოყენების მეორე პრეცედენტია. სასამართლომ არა მხოლოდ დაადასტურა 41-ე მუხლის გამოიყენების შესაძლებლობა, არამედ დააწესა კომპენსაციაც, რაც არსებული სტანდარტებით გარანტირებული არ არის. სასამართლო პრაქტიკა ამ საკითზე ახლა ყალიბდება. ამიერიდან ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ კომპენსაციის მიზნებისთვის სახელმწიფოთაშორის საქმეში აუცილებელია დაზარალებულების ზუსტი სიის არსებობა. ამიტომაც, სახელმწიფოებს მოუწევთ ამ ფაქტორის გათვალისწინება საჩივრის წარდგენისას.

ანგარიშგასაწევია, რომ კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ 2014 წლის გადაწყვეტილების აღსრულება ჩიხშია შესული. ჯერ კიდევ ამ გადაწყვეტილების მიღებისას განსხვავებულ აზრში მოსამართლები მიუთითებდნენ, რომ დაზარალებულების ზუსტი იდენტიფიკაციის გარეშე ერთანი თანხის მოსარჩელე მთავრობისთვის მიცემა პრობლემური იქნებოდა, მ.შ. აღსრულების თვალსაზრისით. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ პირველად და ჩვენს შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელე მთავრობას სთხოვა დეპორტირებულებზე ინფორმაციის მიწოდება. ამავდროულად, რუსეთზეც აგრძელებდა ზეწოლას ინფორმაციის მისაღებად. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ეტაპზე სასამართლოს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის სახელმწიფოთაშორისი საქმე აქვს განსახილველი (2 საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ და 4 უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ).

ბუნებრივია მეც, თანმხვედრი აზრის ავტორი მოსამართლეების (იუდკივსკა, მიტსი, ჰუსეინოვი და ჭანტურია) მსგავსად ვისურვებდი, რომ სასამართლოს არსებით გადაწყვეტილებაში დადგენილი სტატისტიკა - 4600-ზე მეტი გაძევების ბრძანება და მათგან დაახლოებით 2,380 ადამიანის დაკავება და იძულებით გაძევება - აეღო ორიენტირად და ისე დაეთვალა კომპენსაცია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები