2 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი - ეს არის დანაშაული

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.

როგორც მან “უფლებები საქართველოს“ იურისტთან, ელისო რუხაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის დანაშაული და „ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ დნმ-ის ანალიზი ობდებოდეს“.

"სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები, კერძოდ, ეს არის ხელები და სახე. შემდეგ ეს ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17-ე პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, არის გახსნილი და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდები ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი კვლევებისთვის, რაც საქმეს უკან ხევს“, - განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა და დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, წერილობით მიმართეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვეს ინფორმაცია მათ შორის, საკვლევი ნიმუშების აღების მეთოდოლოგიაზე, ნივთმტკიცებულებების შენახვის გარემო პირობებსა და იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ნივთმტკიცების შესანახი პაკეტის მთლიანობის დარღვევა.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, ექსპერტის მიერ საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა განზრახ, ან გაუფრთხილებლობით.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები