1 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზღვის კურორტებზე ხშირია ღებინებით, დიარეით მიმდინარე დაავადებები, მოერიდეთ უმ საკვებს - შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას, „მზის დაკვრას“- ინფექციონისტი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა დაავადებებს უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ.

როგორც მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზაფხულის სეზონისთვის, მით უმეტეს კურორტებისთვის, დამახასიათებელია ღებინებით და დიარეით მიმდინარე როგორც ვირუსული ისე ბაქტერიული ინფექციები.

„როდესაც ვსაუბრობთ ინფექციურ დაავადებებზე, უნდა აღინიშნოს დიარეული დაავადებები, ანუ ნაწლავური ინფექციები. ადამიანები, რასაც მოწამვლას ეძახიან, უკავშირებენ ზღვის წყალს, მაგრამ უფრო მეტად კვების ობიექტებზე ხდება ინფიცირება. ზღვის კურორტებზე, ადამიანების ძალიან დიდი კონცენტრაცია შეიმჩნევა. კვების ობიექტების დატვირთვისას ჰიგიენური ნორმების დაცვა სათანადოდ არ ხდება. საკვების შენახვის პროცედურები შესაძლოა ირღვეოდეს. სიცხის დროს თუ ცივ პირობებში არ ხდება პროდუქტის შენახვა, ეს ჯანმრთელობის მდგომარეობას პრობლემას უქმნის.

შესაძლოა, კვების ობიექტებში ბოსტნეულის რეცხვა დარღვეული იყოს, რაც ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას. ხშირია ღებინებით, დიარეით მიმდინარე დაავადებები. კლასიკური მოწამვლა და არაინფექცია ვლინდება მაშინ, როდესაც საკვებში მზა ტოქსინია და 2-3 საათში იწყება ღებინება. ეს მზა საკვების არასწორ პირობებში შენახვისას მასში გამომუშავებული ტოქსინის შედეგია. ხშირად ვხედავთ, რომ ადამიანები დასასვენებლად მიდიან და იქ ეწყებათ ღებინება, დიარეა, ზოგჯერ კი ტემპერატურაც. შემდეგ უკან დაბრუნება უწევთ, პრობლემები ექმნებათ დასვენების დროს.

ზაფხულის სეზონისთვის, მით უმეტეს კურორტებისთვის, ღებინებით და დიარეით მიმდინარე როგორც ვირუსული ისე ბაქტერიული ინფექციებია დამახასიათებელი. თუ ადამიანს ჩივილი არ აქვს და თავს ჯანმრთელად გრძნობს, ზღვის კურორტიდან დაბრუნებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკისთვის, კვლევის ჩატარების აუცილებლობა არ არის.

რთულია უნივერსალურ პრევენციულ ზომებზე საუბარი მაგრამ ძირითადად რამდენიმე წესია. პირველი: ხელის დაბანა და პირადი ჰიგიენა. უმჯობესი იქნება, სწრაფი კვების თუ სხვა ობიექტებში არ მივიღებთ უმ საკვებს, სალათებს, კრემიან ნამცხვრებს, სადაც მაღალია რისკი. თერმულად, ახლად დამუშავებული საკვები ამ მხრივ უფრო უსაფრთხოა, რომელიც ცხელია და თერმულად დამუშავდა ნაკლებ საფრთხეს შეიცავს.

წყალს რაც შეეხება, კურორტებს გააჩნია, შესაძლოა, წყლის პრობლემა იყოს, დაზიანებული იყოს მილები, რა დროსაც ბოთლით წყლის მიღებაა სასურველი.

ასევე ზღვის კურორტებზე ხშირია მზესთან, სიცხესთან დაკავშირებული პრობლემები. სიფრთხილეა საჭირო. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გადახურებას, „მზის დაკვრას“. აქტიურ საათებში მზეს მოვერიდოთ. დილით და საღამოს გავიდეთ სანაპიროზე, ბევრი სითხე, წყალი მივიღოთ.

რაც შეეხება გინეკოლოგიურ დაავადებებს, ხშირია გენიტალური კანდიდოზი, ანუ სოკო. მითია, როდესაც საუბარია ქლამიდიის და სხვა ინფექციის გადაცემაზე, ეს შეუძლებელია, წყლით არ გადადის, მხოლოდ სქესობრივი გზით არის გადამდები. გენიტალური კანდიდოზის, ანუ სოკოს გავრცელება ხდება მაშინ, როდესაც სველ საცურაო კოსტიუმს დიდხანს არ ვიცვლით. ტენიანი გარემო სოკოს გავრცელებას უწყობს ხელს. ვეცადოთ, მალე გამოვიცვალოთ, მშრალ გარემოში იყოს ადამიანი. ეს არის სოკოს გამწვავების პრევენცია“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები