1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი.... ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შესახებ პროფესორი გიგი ყუფარაძე სოციალურ ქსელში ისტორიას მოჰყვა: "დიდი აგრესიაა ექიმების მიმართ. ერთ-ორი დღის წინ წავიკითხე, ამირან გამყრელიძეზე წერდა ვიღაც ქალბატონი, არაფერი იცისო, საბჭოთა გადმონაშთიაო და ა. შ. მე არ ვიცნობ იმნაძეს და ცერცვაძეს, მაგრამ კარგად ვიცნობ ბატონ ამირანს და მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო მასზე.


1992 წელს, ანუ 28 წლის წინ დისერტაციაზე ვმუშაობდი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე. თემა იყო პულმონოლოგია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციები. ერთ 

დღეს კაბინეტის კარზე კაკუნია, გავაღე და შემოვიდა ბატონი ამირანი. გამეცნო და მითხრა, გავიგე შენი სადისერტაციო თემის შესახებ, შენზეც შევკრიბე ცნობებიო, მეც ვმუშაობ სადოქტოროზე და მსგავსი თემა მაქვსო. მიმიწვიეს სამი თვით ავსტრიაში, ინსბრუკში, რათა სადოქტორო დავამთავრო, კიდევ გამომიყვეს ერთი ადგილი და მინდა შენ შემოგთავაზოო. შენ, მერე თუ გენდომება, შეგიძლია 2 წელი დარჩეო. მეუბნება კაცს, რომელიც პირველად მხედავს. თან თვითონ მომძებნა და თვითონ მოვიდა. ისიც გაიხსენეთ, რა დროა, 1992 წელი - შიმშილი, სიცივე, სიბნელე, სროლა და ათასი უბედურება. ხომ შეეძლო, ვინმე ნათესავი წაეყვანა ან მეგობრის შვილი? არა, საქმისთვის რაც სჯობდა, ის არჩევანი გააკეთა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, დავიწყეთ მზადება, მაგრამ ვერ წავედი, მამაჩემს ინსულტი დაემართა და უჯარმაში მომიწია კურორტის დირექტორად წასვლა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, წავედი თუ ვერა, მე ამირან გამყრელიძის საქმისადმი დამოკიდებულებაზე მოგახსენებთ.
გავიდა მას შემდეგ 14-15 წელი, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარ, ისმის კაბინეტის კარზე კაკუნი და შემოდის ბატონი ამირანი. ძალიან გამიხარდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მეუბნება, ტელევიზორში ვნახე შენი ინტერვიუ და გავიგე, სადაც მუშაობო. ჩემი ადგილი არ მოიძებნა საქართველოში და ნორვეგიაში ვკითხულობ ლექციებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაზეო, უამრავ ხალხს ვხვდები და თუ რამე სარეკლამო მასალები გაქვს გამატანე და გავავრცელებ ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ჯანმო-ს სათაო ოფისში და საქართველოს იმიჯზე ვიზრუნებო. საზღვარგარეთ ყოველი გამგზავრების წინ, საკუთარი ფეხით შემომივლიდა, უამრავი მასალით დაიტვირთებოდა და მიდიოდა.
კიდევ შემიძლია ბევრი თბილი სიტყვა ვთქვა ამ ადამიანის შესახებ, მაგრამ მგონი საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ესაა ძალიან წესიერი და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთად ვთვლი ამირან გამყრელიძეს", - წერს გიგი ყუფარაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები